ერთმანეთის ახლოს განლაგებული ორი აეროპორტი მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის რეისების რაოდენობას, შესაბამისად შეიძლება ორივე აეროპორტი წამგებიანი გახდეს, – წერს სოციალურ ქსელში აცხადებს პარტია “ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივანი, დიპლომატი მამუკა გამყრელიძე.
“ახალ აეროპორტზედ.
1. რომელი აუცილებლობით არის გამოწვეული თბილისის მახლობლად ახალი აეროპორტის მშენებლობა, რომლის ასაშენებლადაც ჩინური ინვესტიციების გამოყენება სურთ?
2. არსებული აეროპორტი არ არის დაკავებული სრულად. ძირითადად მხოლოდ ღამის საათებში და თავისუფლად ემსახურება როგორც მოფრენებს ისე გაფრენებს. ერთმანეთის ახლოს განლაგებული ორი აეროპორტი მნიშვნელოვნად ვერ გაზრდის რეისების რაოდენობას, შესაბამისად შეიძლება ორივე აეროპორტი წამგებიანი გახდეს;
3. აუცილებლობის შემთხვევაში, მომავალში სრულიად შესაძლებელია არსებული აეროპორტის რეკონსტრუქციაც და საფრენი ბილიკის დამატებაც. სივრცე ამის შესაძლებლობას იძლევა და ასე უფრო იაფიც იქნება;
4. ახალი აეროპორტის განლაგების ადგილამდე (ვაზიანი) თბილისიდან არის 30 კმ. რაც ორჯერ უფრო შორია ვიდრე არსებულ აეროპორტამდე;
5. პერიოდული შეფერხებები პასაჟირების საპასპორტო მომსახურებაში მოფრენის დროს გამოწვეულია არა აეროპორტის შესაძლებლობების სიმწირით, არამედ კადრების სიმცირით. ამაზე ცარიელი კაბინები მეტყველებენ;
6. თუ ხელისუფლება უკმაყოფილოა აეროპორტის TAV Georgia-ს მხრიდან მართვის და ახალი მმართველის შემოყვანა სურთ, რაღას უხანგრძლივებდნენ კონტრაქტს 2029 წლამდე? თუნდაც ასე იყოს, ახალი აეროპორტის მშენებლობა ამ ვადამდე მაინც ვერ დამთავრდება და შესაბამისად მომავალში შეუძლიათ არსებულ აეროპორტში სხვა, უფრო ეფექტური მმართველის შემოყვანა.
კითხვები ბევრია და უფრო მეტი და დეტალური ინფორმაცია არის საჭირო ხელისუფლებისგან. იმედია, პარლამენტის წევრი ოპოზიციური დეპუტატები ამ საკითხზეც გაამახვილებენ ყურადღებას”, – წერს გამყრელიძე.