საქართველოს როლი შეიძლება იყოს მხოლოდ როგორც პლატფორმის დათმობის და შეხვედრების ორგანიზების, – ამის შესახებ Front News-ს პარტია “ევროპელი დემოკრატების” გენერალურმა მდივანმა, დიპლომატმა მამუკა გამყრელიძემ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში საქართველოს შესაძლო ჩართულობის შესახებ განუცხადა.
მისი თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტის ნაწილია და საქართველოს ჩართულობა ამ პროცესში მრავალმხრივ მნიშვნელოვანია.
“შექმნილი გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, [რუსეთს ამ პროცესისთვის არ სცალია, თურქეთი აზერბაიჯანის მხარეა] ჩნდება საქართველოს როგორც შუამავლის და მომლაპარაკებლის როლი. ეს ძალიან კარგია და ჩვენს მნიშვნელობას ზრდის რეგიონში. ცხადია, რომ ევროპაც ჩართული იქნება ამ პროცესში. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ჩართულობა და და მეზობელი ქვეყნებისათვის მოლაპარაკების პლატფორმის მიცემა, დადებითი მნიშვნელობის იქნება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
რაც შეეხება საკითხს, რამდენად გაართმევს საქართველო ამ პროცესს თავს, მამუკა გამყრელიძე აღნიშნავს, რომ საქართველოს როლი მინიმალურია და ის არ უნდა გაცდეს აღნიშნულ ფორმატს.
“საქართველოს როლი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს მხოლოდ როგორც პლატფორმის დათმობის და მათი შეხვედრების ორგანიზების, საქართველოს როლი ამით შემოფარგლული იქნება. ეს არის დიდი გეოპოლიტიკური კონტექსტის ნაწილი, თუმცა ამ ეტაპზე დასავლეთის ჩართვა და იქ შეხვედრების გამართვაზე უფრო გაცილებით მოსახერხებელი და გონივრულია შეხვედრების თბილისში გამართვა.
საქართველო თვითონაც არ უნდა გაცდეს თავის როლს და არ ჩაერთოს მოლაპარაკებებში, რომ არ მოხდეს რომელიმე მხარის განაწყენება, მან ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს ორივე მხარესთან კეთილმეზობლური დამოკიდებულება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თბილისში ვიზიტისას აზერბაიჯანსა და სომხეთის მიერ მშვიდობის შეთანხმების ხელმოწერის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, თუ სომხეთი თანახმა იქნება, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის სამშვიდობო კონსულტაციები დაიწყება.