კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიასთან საარჩევნოდ გაერთიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება.
„ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია. არის რაღაც ტექნიკური ტიპის საკითხები. შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკება არ არის დამთავრებული. ჩვენ ავიღეთ კიდევ პაუზა, ვისაუბრებთ და თქვენ პირველები იქნებით, ვისაც შეგატყობინებთ შედეგს“, – აღნიშნა ხაზარაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დატოვების შემდეგ.
მამუკა ხაზარაძის თქმით, ბევრ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შეთანხმდნენ იმის შესახებ, რომ გააკეთებენ ყველაფერს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გასაშვებად.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე მადლობა გიორგის. ჩვენ შევხვდით პირისპირ, ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ვისაუბრეთ წარსულზე, მაგრამ, რაც მთავარია, ვისაუბრეთ მომავალზე. ქვეყანა არის გზაგასაყარზე, ჩვენ ქვეყანას ემუქრება ძალიან სერიოზული პრობლემა და საშიშროება. ეს არის ან რუსული არჩევანი ან ჩვენი თავისუფლების არჩევანი, ევროპული არჩევანი. ამ თემაზე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სრული მობილიზაციისთვის, რომ „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გავუშვათ ხელისუფლებიდან და ძალიან სწრაფად ქვეყანა დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.