მინდა ივანიშვილს ვუთხრა, დადგება დრო და თავისუფალი სასამართლოს პირობებში ყველა აგებს პასუხს. შეთითხნილი ბრალდებები და დაშინება ქართველ საზოგადოებას ვერ გატეხს, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ალეკო ელისაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ბრძოლა იქნება ბოლომდე.
“მინდა ივანიშვილს ვუთხრა – დადგება დრო და თავისუფალი სასამართლოს პირობებში, ის რუსული მენტალობის რეჟიმი, რომელიც ჩამოაყალიბე, კრიმინალური რეჟიმი, კრიმინალებს რომ ფორმა ჩააცვი და მონურ მოსამართლეებს მანტიები მოასხი, ყველა აგებს პასუხს.
ვერანაირი დაკავებები, შეთითხნილი ბრალდებები და დაშინება ქართველ საზოგადოებას ვერ გატეხს, რადგან საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს.
მინდა სამართალდამცველებს მივმართო – კარგად დაფიქრდით, რას და ვის ემსახურებით. თქვენ ემსახურებით რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში. ეს არის რუსეთის სასამართლო და ქვეყნის მიტაცება და შეთრევა ხდება რუსეთში, ყველაფერი რაც აქ ხდება არის პატარ-პატარა სპექტაკლები, რომ დააშინონ საზოგადოება. ბრძოლა იქნება ბოლომდე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
“ძლიერი საქართველოს” წევრ ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.