პრეზიდენტის გადაწყვეტილების წინასწარ განჭვრეტა მე ნამდვილად არ შემიძლია. მას და მის ინსტიტუტს, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტს რაც აკადრა გვარამიამ თავის დროზე, ამის შემდეგ შეწყალება რამდენად რელევანტური იქნება ეს მართლა თავმოყვარეობის ამბავია არა მხოლოდ რომელიმე ადამიანისთვის, რომელიც კონკრეტულ თანამდებობას იკავებს, არამედ სახელმწიფოსთვის და მეორეა რა სპეკულაციები ვრცელდება კვლავ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, კვლავ გრძელდება სპეკულაციები ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით, რითაც ცდილობენ ცრუ პიარის დალაგებას.
“გვარამიას საქმესთან დაკავშირებით დღემდე გრძელდება ის ცრუ პიარი, რასაც ჰქვია სამსახურის მანქანის სარგებლობის გამო ადამიანის დაჭერა. ამ დროს, სამსახურის ის ავტომანქანა არ ყოფილა. მაშინაც, რა დონეზეც მქონდა ინფორმაცია პროკურატურის რელიზებიდან იმ დონეზე შემიძლია გითხრათ, როდესაც გააკეთებს კომპანია ბარტერს და შენ გარკვეული საფასურის პროდუქციას, ამ შემთხვევაში, სარეკლამო წუთებს გასცემ და სანაცვლოდ ავტომანქანას წამოიყვან, მაგრამ სამსახურში კი არ მიიყვან, შენი მეგობრის კომპანიაზე გააფორმებ, ეს არის ამ ქონების არამართლზომიერი მისაკუთრება, ამას ჰქვია დანაშაული. ოღონდ, „რუსთავი 2“ – ზე რომ გაფორმებულიყო ის ავტომანქანა მართლაც მისი სარგებლობისათვის, ვერავინ ვერავის ბრალს ვერ დასდებდა. მარტივი მანიპულაციაა, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენი ზოგიერთი კოლეგები წამოეგნენ. დღეს ვნახე განცხადებები, რომ მანქანის სარგებლობისთვის ყველას ასე დაიჭერ, არა ბატონო. ის ავტომანქანა, თქვენი კოლეგების და ოპოზიციური პარტიების ცრუ პიარის მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ „რუსთავის 2“-ის საერთოდ არ ყოფილა. ბარტერი გააკეთა და ბარტერში მისაღები ქონება მიისაკუთრეს. ახლა იქ რაღაცებზე კამათობენ, 7 მილიონის გამო პატიმრობა არ მიუსაჯეს და მიუსაჯეს ამ მანქანის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების გამო, ეს მოსამართლის გადასაწყვეტია, მას უნდა კითხონ. პირიქით რომ ყოფილიყო, ანუ 7 მილიონზე პატიმრობა და ავტომანქანის არამართლზომიერი მისაკუთრების ნაწილზე თუ მიესჯებოდა არასაპატიმრო სასჯელი, მაშინ თურმე ყველაფერი წესრიგში ყოფილა მათივე ლოგიკით. შესაბამისად, ამ იურიდიულ ნიუანსებში ადამიანები ვერ ერკვევიან ბოლომდე და ამით სპეკულირებენ, ამით ცდილობენ ამ ცრუ პიარის დალაგებას, რასაც ისინი კადრულობენ“, – განაცხადა მდინარაძემ.