ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ქუთაისში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ხატია დეკანოიძის და გიგი უგულავას მიერ “ქართული ოცნების” ბანერის გადაღებვის ფაქტს.
მისი განცხადებით, დეკანოიძემ და უგულავამ დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილი, ამავე დროს, ბანერზე წაშალეს მხოლოდ წარწერა “არა ომს”, რითაც, როგორც ომის პარტიის წარმომადგენლებმა, პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს.
“ხატია დეკანოიძემ და გიგი უგულავამ, ქუთაისში, ჩვენი საარჩევნო ბანერის დაზიანებით, ჩაიდინეს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური დანაშაული:
1. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.
2. როგორც ომის პარტიის ჭეშმარიტმა წარმომადგენლებმა, მხოლოდ წარწერა “არა ომს” წაშალეს, რითაც პატრონებს ომის ერთგულება დაუდასტურეს!
პ.ს. თუ ახლა გამოხტებიან, ადმინისტრაციულიაო – კი ბატონო, უბრალოდ მერე თქვენი შეუღებავი ბანერები გექნებათ საძებნი.
ახლა ერთადერთი ის უნდა ინატრონ, იქნებ გაიწმინდოს, დასვრა გამოვიდეს და არა დაზიანებაო”, – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.