მიხეილ ყაველაშვილის მოქმედებები ეროვნულ ინტერესებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული, ის არის ეროვნული, პატრიოტი ადამიანი, ამიტომ ექნება ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, ყაველაშვილს „ქართული ოცნების“ გუნდის მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება.
“საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ არ არის ისეთი წარმოდგენები, როგორიც უნდა იყოს და როგორიც უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებას. რაღაც პრეზიდენტის საქმეა, რაღაც არ არის. სალომე ზურაბიშვილმა თავდაყირა დააყენა ეს ყველაფერი. თავისი პრეზიდენტობის პირველ პერიოდში ცდილობდა, რაღაცნაირად კომპეტენციის ჩარჩოებში ყოფილიყო. შემდეგ საერთოდ გავიდა არათუ კომპეტენციის ჩარჩოებიდან, არამედ მომსახურების ყველანაირი არეალიდან და სფეროდან. ვინაიდან მიშა ყაველაშვილი არის ეროვნული, პატრიოტი ადამიანი, კარგი მცოდნე პოლიტიკისა, იმ საკითხების, რაც ეროვნულ გამოწვევებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს ქვეყანაში, მგონია, რომ მისი მოქმედება ეროვნულ ინტერესებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული. შესაბამისად, ყველა ასე მიიჩნევს ჩვენს გუნდში და მას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება. გარდა იმისა, რომ ყაველაშვილი ჩვენი მეგობარია, მარტო მეგობრობით არ გადავწყვეტთ საკითხს. მას ნდობას ვუცხადებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა როგორც ჩვენს მეგობარს, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი, თუკი ვინმე გვინახავს. ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ადამიანი ქვეყნის ინტერესების გატარებაში. ამიტომ ექნება გუნდის მხარდაჭერა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.