საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მიღებულ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
მმართველი გუნდის მიერ განხილული საკითხებიდან, მდინარაძემ ყურადღება გაამახვილა დროებითი საგამოძიებო კომისიის ვადის ერთი თვით გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
როგორც მან აღნიშნა, “ქართული ოცნება” მზად არის, მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი, გამარჯვების შემდეგ კი, მმართველი პარტია აპირებს საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წელსვე აკრძალვის საფუძველი.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა უამრავი ისეთი არგუმენტი, რომელთა მიხედვითაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომისიის მანდატი გაფართოებულიყო და დღეის მდგომარეობით ის მოიცავს არა მხოლოდ 2003-2012 წლების,არამედ მთლიან პერიოდს დღევანდელ დღემდე. შესაბამისად, შესასწავლი ობიექტების თუ საკითხების ნუსხაც გაცილებით ვრცელია. ასევე, კომისიის სახელზე პარლამენტში შემოდის ასობით განცხადება, სადაც მოთხრობილია “ნაცმოძრაობისა” და მისი სატელიტი პარტიების წარმომადგენლების მიერ ჩადენილი შემზარავი ისტორიები. დამეთანხმებით, ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გამოტანა და დეტალურად შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა, კომისია ცდილობს მაქსიმალური დატვირთვით იმუშაოს და მოასწროს რაც შეიძლება მეტი.
წინა კვირას საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარემ, ქალბატონმა თეა წულუკიანმა, დააყენა საკითხი იმის შესახებ, რომ საჭიროა კომისიის საქმიანობის სამთვიანი ვადა გახანგრძლივდეს მინიმუმ ერთი თვით.
საპარლამენტო უმრავლესობამ იმსჯელა დღევანდელ სხდომაზე ამ თემაზე და გადავწყვიტეთ, რომ სამომავლოდ კომისიის ამ მოთხოვნას დავეთანხმოთ და მისი საქმიანობის ვადა ერთი თვით გავაგრძელოთ.
ამ შემთხვევაში დღის წესრიგში შემოდის სხვა და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მოგეხსენებათ, რომ კომისიის მუშაობის მხოლოდ სამთვიანი ვადის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება, თუმცა თუ ჩვენ ვადას ერთი თვით გავახანგრძლივებთ, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნული პროცესის ამ ვადაში დასრულება ფიზიკურად შეუძლებელია. შესაბამისად,მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისთვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ქართველმა ხალხმა გასცეს არჩევნებში საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ, შემდეგ კი ძალიან მყარი და ფაქტებზე დაფუძნებული საკონსტიტუციო სარჩელი მოვამზადოთ, რომელიც თავის მხრივ საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ახლო პერიოდში.
ამის გარდა, არავის მივცემთ არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ იმ საკითხით სპეკულირების საშუალებას, რომ ქართულმა ოცნებამ კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვა იჩქარა სწორედ თვითმმართველობის არჩევნებამდე და რადგან კომისიის მუშაობის ვადის გაგრძელება გახდა აუცილებელი,მოქმედებათა ფორსირებას ნამდვილად არ შევეცდებით.
საზოგადოება კარგად ხედავს და იხსენებს რამდენად ამაზრზენი დანაშაულის ავტორებთან გვაქვს საქმე, რომლებიც ჯერ კიდევ პოლიტიკოსებად იწოდებიან. დღევანდელი დღეც იყო იმისი უტყუარი დასტური, რამდენად ბინძურად იქცევა სხვა ქვეყნებიდან თუ უცხო ძალების მიერ მართული ე.წ. პოლიტიკოსი, როდესაც მას დამოუკიდებლად მოქმედების ელემენტარული უფლებაც კი არ აქვს და ვნახეთ თავისივე ტყუილებში ახლართული, ნაცმოძრაობისთვის
გადამდგარი გუნდისა და ქვეყნის მოღალატე.
ასე რომ, დარწმუნებულები ვართ საგამოძიებო კომისია კიდევ ბევრ ისეთ ამბავს გამოააშკარავებს, რომელიც მეტად და უფრო ცხადად გაშიფრავს აგენტურული პარტიებისა და პოლიტიკოსების მოქმედებებს და ჩვენ ყველანი ერთად კომისიის მუშაობის შედეგებს დაპირებულ ლოგიკურ დასასრულამდე მივიყვანთ.
რაც შეეხება, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ თავიანთი პატრონები და დამფინანსებლები დაავალებენ და მოუწევთ მონაწილეობა მათთვის ბოლო არჩევნებში, სადაც კიდევ ერთხელ დავანახებთ ყველას, რამდენად უშედეგოა დამოუკიდებელ და თავმოყვარე საქართველოში გარე ძალების მიერ ხელისუფლების აგენტურით ჩანაცვლების ნებისმიერი მცდელობა”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.