პრაგმატული პოლიტიკაა სწორედ ის, რამაც საქართველო უნდა გააერთიანოს. სხვა გზა, ამ ქვეყანას განვითარებასთან, მშვიდობასთან, სტაბილურობასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, არ აქვს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დაბრუნდეს ერთადერთი გზით და ამას ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, საქართველოს მოქალაქეები აფასებენ სიმართლეს და იმ ხელშესახებ შედეგებს, რაც ქვეყანას პრაგმატული პოლიტიკის გატარებით აქვს.
მისი განმარტებით, საზოგადოება კარგად ხედავს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებას და ოპოზიციის მავნებლურ პოლიტიკას სახელმწიფოსთან მიმართებით, რაზეც „ქართული ოცნების“ გაზრდილი და ოპოზიციის შემცირებული რეიტინგიც მეტყველებს.
“საქართველოს მოქალაქეები, ქართული საზოგადოება აფასებს სიმართლეს: ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობას და საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას. ამ პრაგმატულ პოლიტიკას, ბოლო პერიოდში, ხელწამოკვრით ახსენებენ ხოლმე. პრაგმატული პოლიტიკაა სწორედ ის, რამაც საქართველო უნდა გააერთიანოს. სხვა გზა, ამ ქვეყანას, განვითარებასთან, მშვიდობასთან, სტაბილურობასთან, ეკონომიკურ წინსვლასთან ერთად, არ აქვს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დაბრუნდეს ერთადერთი გზით და ამას ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა. ამ პოლიტიკის კონკრეტულ შედეგებს – ეკონომიკურ წინსვლას, სტაბილურობას, მშვიდობას, ამ ქვეყანაში ვხედავთ. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს არის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთილი. საბოლოო ჯამში, პრაგმატული პოლიტიკის შედეგი უნდა იყოს საქართველოს გაერთიანება და ამ მიზანს კარგად ხედავენ ქართველები. ისინი კარგად ხედავენ ყოველდღიურ სიტუაციას, რეალურ პროგრესს და ჩვენს დამოკიდებულებას სამშობლოს მიმართ. სწორედ ესაა იმის საფუძველი, რომ ამდენწლიანი მმართველობის ფონზე, მნიშვნელოვნად გაზრდილია „ქართული ოცნების“ რეიტინგი, რაც ბევრს წარმოუდგენლად ეჩვენებოდა. შემცირებულია ოპოზიციის რეიტინგი, რაც თავის თავს უნდა დააბრალონ, იმიტომ, რომ მათ მხარეს არ არის სიმართლე. ისინი აზიანებენ საკუთარ სახელმწიფოს და მავნებლური პოლიტიკით არიან დაკავებულები, რაც სწორად შეაფასა ქართველმა ხალხმა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.