ყველა ასეთი მაშველი რგოლი, უკვე ხავსად არის ქცეული და კიდევ უფრო მეტად შეიძენს ხავსის დატვირთვას ასეთი განცხადებები, მათ შორის, იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო ჯერ საქმიანი შეხვედრებით და საქმიანი გამომეტყველებით და შემდეგ, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს.
მდინარაძის თქმით, როთის კოლეგა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე რომ ანალოგიურად მოქცეულიყო და გერმანიაში გამართულ ანტისამთავრობო მიტინგზე ოლაფ შოლცის გადადგომა მოეთხოვა, ამის შემდეგ მას არავინ შეხვდებოდა. ის ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს ზემოდან არავინ უნდა უყუროს და არ უნდა დავუშვათ მონური დამოკიდებულება გაგვაჩნდეს რომელიმე ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ.
“გარანტიას გაძლევთ, გარედან რომ არავინ ჩაერიოს, შეიძლება ერთმა პარტიამაც ვერ გადალახოს ბარიერი. წარმოიდგინეთ, რომ გარედან არავინ ერევა – შეიძლება, ერთ პარტიასაც კი, ამ აგენტურული პარტიებიდან, გაუჭირდეს ბარიერის გადალახვა. მთელი აქცენტი გაკეთებულია გარედან მაშველ რგოლზე – განცხადებებზე, მოქმედებებზე და ა.შ.
ვთქვათ მისი პირდაპირი კოლეგა, ნიკა სამხარაძე რომ გერმანიაში ჩავიდეს და შოლცის გადადგომა მოითხოვოს და რაღაც ეპითეტები უწოდოს, რა რეაქცია ექნებათ ჩვენს გერმანელ კოლეგებს? ზუსტად იგივეა. ანუ ზემოდან გვიყურებენ და პატარა ქვეყანა ვართ? ასე არ არის. ამ ქვეყანამ გაბედა, რომ ეთქვა თავისი სათქმელი ყველასთვის. არ შეიძლება ასე რამდენიმე დღის წინ, ჩვეულებრივი დეპუტატი იყო ჩამოსული, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდნენ რეგიონში და როგორ, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ვინ არის, სხვა რატომ არ შეხვდაო – ეს რა დამოკიდებულებაა? – ეს არის მონური დამოკიდებულება. პატივისცემა ყველა მათგანის და საკანონმდებლო ორგანოს ინსტიტუტის მიმართ, მაგრამ, ჩვეულებრივ, რიგით დეპუტატებს შეხვდა კომიტეტის თავმჯდომარე, რა პრობლემაა? “რატომ არ შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარე ბუნდესტაგის დეპუტატს” – რა დამოკიდებულებაა ეს? ეს არის მონური დამოკიდებულება, რომელსაც არასდროს უნდა დავექვემდებაროთ. რომელიმე ქვეყნის კომიტეტის თავმჯდომარე თუ ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში, მაშინ, უნდა იფიქრონ და გაითვალისწინონ, იგივე რომ გააკეთოს საქართველოს პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარემ, თავად რა რეაქცია ექნებათ და ამით მიიღონ გადაწყვეტილებები და დასკვნებიც ასე გამოიტანონ. ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ რაღაცების ლაპარაკს და მისვლა-მოსვლას, მაგრამ, ცოტა ყურადღებით იყვნენ, როდესაც რომელიმე სხვა ქვეყნის წარმომადგენელი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვს.
კაცი გამოვიდა და რასაც ლაპარაკობს გვარამია, მელია და რუბლებით დაფინანსებული ხოშტარია, იგივე სიტყვებით ილაპარაკა. იგივე რომ გაეკეთებინა ნიკა სამხარაძეს, იმავე თანამდებობის პირს, ანტისამთავრობო მიტინგზე გამოსულიყო გერმანიაში, შოლცის გადადგომა მოეთხოვა, გაელანძღა და თან ტყუილები ელაპარაკა, ვინმე შეხვდებოდა ამის მერე?!“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.