“ნაცმოძრაობა“ შიგნიდან როგორ იშლება და ჭამენ ერთმანეთს, ვხედავთ. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. რეალურად მათი ნიშა არის ქვეყნის და სახელმწიფოს დაზიანება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ბეწვის ხიდზე გავდივართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ, დამაზიანებელია არა რომელიმე პარტიისთვის, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის, თუმცა სამწუხაროდ, ისინი ამას არ უფრთხილდებიან.
“ნაცმოძრაობა” შიგნიდან როგორ იშლება და ჭამენ ერთმანეთს, ამას ვხედავთ. ახლა წავიდა რადიკალურ ოპოზიციაში ერთმანეთის ჭამა ყველაზე რადიკალური ნიშის დასაკავებლად. ეს რას ნიშნავს – ნაცმოძრაობა იმიტომ არ ეთანხმება, რომ შეიძლება ვიღაცამ, მაგალითად ვაშაძემ, არ გაუჭირდება, აჯობოს რადიკალიზმში, უფრო ცუდ სიტყვას არ გამოვიყენებ. შეიძლება აღმოჩნდნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც სახელმწიფოს დაზიანების მცდელობის ხარისხში ასევე აჯობონ. ამიტომ არ აწყობს ნაცმოძრაობას, იმიტომ რომ მათზე უარესებიც კი, თვითონ ასე მიაჩნიათ, შეიძლება აღმოჩნდნენ და რადიკალური ფრთის ნიშა უფრო დაიკაონ. მეორე მხრივ, რადიკალური ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი, გარდა “ნაცმოძრაობისა” ცდილობს, რომ მათი კანდიდატი ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას შეატყუოს და ახლა ამ ნიშის დაკავებაზე მიდის ბრძოლა.
რეალურად მათი ნიშა არის ქვეყნის და სახელმწიფოს დაზიანება ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩვენ გავდივართ გადაჭარბების გარეშე ბეწვის ხიდზე, ამ დროს სახელმწიფოს იმგვარად ჯანჯღარი, რასაც ისინი კადრულობენ, არის არა რომელიმე გუნდისთვის და პარტიისთვის, ამ შემთხვევაში მმართველი გუნდისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი, თუმცა სამწუხაროდ, ისინი ამას არ უფრთხილდებიან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.