ჩვენ შევჯერდით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით შემოვიდეს სავალდებულო მკურნალობა, თუმცა ეს იქნება განსაკუთრებულ შემთხვევაში და იქნება სისხლის სამართლის კატეგორია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.
„ეს არ იქნება ადმინისტრაციული სახდელი, ეს იქნება სისხლის სამართლის ნორმაში გაწერილი სასჯელი. იმ შემთხვევაში, თუ პირს ნარკოტიკული დანაშაულისთვის მიესჯება სასჯელი, შესაძლოა, განსაკუთრებულ შემთხვევაში და ეს იქნება მოსამართლის დისკრეციის ფარგლებში. შესაძლებელია, ამ დისკრეციის განხორციელებას საფუძვლად დაედოს საქმეში არსებულ მასალებთან ერთად ნარკოლოგიურის ექსპერტიზის დასკვნა. მოსამართლემ გადაწყვიტოს, რომ ამ კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვალსაზრისით არა მხოლოდ კერძო პრევენცია, არამედ ზოგადი პრევენციისთვის იყოს კარგი ამ სასჯელის დანიშვნა სხვა სასჯელთან ერთად. სტრასბურგის პრეცედენტიც კი გვაძლევს ამის საშუალებას, რომ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი საკუთარ თავს უქმნის საფრთხეს, ასევე საზოგადოებისთვის არის საშიში და მას შესაძლოა, ესაჭიროებოდეს სავალდებულო მკურნალობა, ეს გადაწყვეტილება შეიძლება, მიიღოს მოსამართლემ“, – განაცხადა მდინარაძემ.