ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს საკითხი და ის, თუ როგორი იქნება ევროკავშირის მხრიდან გადაწყვეტილებები.
“დღეს განვიხილავთ საქართველოს საკითხს. ჩვენ შეწუხებული ვართ და დღეს გავმართავთ დისკუსიას იმასთან დაკავშირებით, რას მოვიმოქმედებთ, რადგანაც დარწმუნებული ვარ, რომ მმართველი პარტია არ აპირებს, ევროკავშირის გეზს გაჰყვეს, როგორც ისინი ამბობდნენ და გვპირდებოდნენ. ასე რომ, ეს საინტერესო დისკუსიაა, რადგანაც ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხს. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა მარგუს ცაჰკნამ.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე განსახილველ საკითხთა დღის წესრიგშია საქართველოში 26 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნები.