ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები მარიამ ქვრივიშვილი და ლევან ქარუმიძე საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდნენ.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა უთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და პრიორიტეტები დასახეს, დაადასტურეს საქართველოსა და უკრაინის მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა, განსაკუთრებით, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.
შეხვედრისას, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ასოცირებული ქვეყნების ევროკავშირისკენ სწრაფვის პროცესში პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის – მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების და მეგობრობის ჯგუფების როლს, იმისთვის, რომ ევროკავშირის დედაქალაქებში ასოცირებული ქვეყნების მიზნები და საჭიროებები უკეთ გაჟღერდეს, საერთო ინტერესთა სფეროებში მეტი მხარდაჭერის მისაღებად.
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების შემდეგ, მიმოსვლის აღდგენა და საზღვარზე დაშვების წინაპირობები, ეკონომიკური ურთიერთობების კვლავ გააქტიურება, მოქალაქეების და ბიზნესის დახმარება ორივე ქვეყნისთვის გამოწვევად რჩება, თუმცა რეგულაციების ეტაპობრივი შერბილების გათვალისწინებით, იმედი გამოითქვა, რომ მობილობა საქართველო-უკრაინას შორის ახლო მომავალში ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდება.