მარიუპოლის მახლობლად ადგილობრივმა მოსახლეობამ რუსი სამხედროების მიერ გათხრილი 30-მეტრიანი მასობრივი საფლავები იპოვა, სადაც ოკუპანტებს დაღუპული მარიუპოლის მაცხოვრებლების ცხედრები სატვირთო მანქანებით მიაქვთ, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
“დაღუპული მარიუპოლელების მასობრივი დაკრძალვის ადგილების ხანგრძლივი ძებნის და იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა სოფელ მანგუშში გარდაცვლილი მარიუპოლელების მასობრივი დაკრძალვის ფაქტი. შემოვლითი გზაზე ოკუპანტებმა გათხარეს რამდენიმე მასობრივი საფლავი, თითო 30 მეტრამდე, სადაც სატვირთო მანქანებით მიაქვთ ცხედრები და პირდაპირ ყრიან ზემოდან“, – წერს ანდრიუშჩენკო „ტელეგრამზე“.
მისივე თქმით, ეს არის კიდევ ერთი პირდაპირი მტკიცებულება ომის დანაშაულებისა და მათი დამალვის მცდელობის შესახებ.