ახლა ამერიკას გაუჩნდა რეალური შანსი ახალი სამუშაო ადგილები შექმნას სამხედრო ტექნიკის წარმოებით, – ამის შესახებ ამერიკელმა მილიარდერმა, დეველოპერმა, კოლექციონერმა, საზოგადო მოღვაწემ, ტექნოლოგიური ბლოკჩეინის იდეოლოგმა მარკ გინზბურგმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროპას, რომელმაც შეიარაღება უკრაინას გადასცა, ახალი შეიარაღება სჭირდება.
“6 იანვარი მნიშვნელოვანი თარიღია ამერიკისთვის. ამ დღეს კონგრესის ორივე პალატა იკრიბება და იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები შედგა და პრეზიდენტი და ვიცე-პრემიერი უკვე ოფიციალურად იკავებენ თანამდებობებს. 20 იანვარს კი იმართება ინაუგურაციის ცერემონია, პრეზიდენტი ფიცს დებს და ფორმალობები ამით მთავრდება.
მე 35 წელია, ვცხოვრობ ამერიკაში, აქედან 30 წელია, ვარ მოქალაქე და ამომრჩეველი და ყოველთვის ვიყავი “რესპუბლიკური პარტიის” მხარდამჭერი. ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მე მქონდა ტრამპის მიმართ პირადი ინტერესი და ნაცნობობა, ვიყავი “ტრამპისტი”. ორივე პარტიაში საკმაოდ ბევრი ნაცნობი მყავს. შეიძლება ითქვას, რომ “დემოკრატებმა” საკმაოდ უჩვეულოდ მშვიდად მიიღეს არჩევნების შედეგები. “დემოკრატებს” ახლა ფაქტობრივად არ ჰყავთ ხალხი, რომლებიც პროფესიონალურ დონეზე დაკავდებიან საგარეო პოლიტიკით. ბაიდენს ჰქონდა ასაკობრივი პრობლემები, კამალა ჰარისი იყო ყველაზე შეუმჩნეველი, ყველა სუსტი ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში და როდესაც დემოკრატებმა პრეზიდენტობის კანდიდატი შეცვალეს, ნათელი გახდა, რომ ამ თანამდებობისთვის შეუფერებელი იყო იმ ფონზე, რომ ამერიკა სერიოზული საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორის ეს ეხება უკრაინა-რუსეთის კონფლიქტს, ევროპაშიც არ არის მარტივი სიტუაცია.
“დემოკრატებს” ამხელა პოტენციალის ქვეყანაში არ აღმოაჩნდათ ბაიდენზე და ჰარისზე უკეთესი კანდიდატი. არჩევანი ისევ ტრამპს და ბაიდენს შორის იყო გასაკეთებელი. არცერთ პარტიას არ ჰყავდა სხვა კანდიდატი, რადგან პოლიტიკური პარტიის ამერიკული გაგება ცოტა სხვანაირია. პარტია არის მონოლითური პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს ერთიანი პოლიტიკური მიზანი და ამოცანები, ამერიკული გაგებით პარტია კორპორაციაა, პარტიის ლიდერი კი კორპორაციის გენერალური დირექტორი. ზაფხულში, როცა ცნობილი გახდა, რომ ბაიდენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კანდიდატი ვეღარ იქნებოდა, მაშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ კანდიდატი შესაძლოა, მიშელ ობამა გამხდარიყო, რომელსაც ერთი დღეც არ უმუშავია არც კონგრესში, არც სენატში და ა.შ. ანუ არანაირი სათადარიგო კანდიდატი”,- განაცხადა გინზბურგმა.
ტრამპის პრეზიდენტობის ახალ ვადაში ამერიკულ პროდუქციის წარმოებაზე და კონკურენციაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ ახლა ამერიკას გაუჩნდა რეალური შანსი ახალი სამუშაო ადგილები შექმნას სამხედრო ტექნიკის წარმოებით.
“ამერიკას ახლა აქვს შანსი ებრძოლოს უმუშევრობას და სიცოცხლე დაუბრუნოს დეპრესიულ შტატებს – სამხრეთ და ჩრდილოეთ დაკოტას და ა.შ. აწარმოოს იარაღი, ჭურვები, სამხედრო ტექნიკა. ეს წლები მე ვცდილობდი დავხმარებოდი ჩემს სამშობლოს და არაერთ ქვეყანაში ვიყავი და მინდა, გითხრათ, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა უკრაინას დიდი რაოდენობით იარაღი გადასცეს. ახლა ეკოლოგიური ნორმების დაცვით ძველი იარაღის უტილიზაცია გაცილებით ძვირია, ვიდრე ახლის წარმოება. ახლა მათი საწყობები ცარიელია. ამჟამად ევროპა რეალურად არის რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე. რუსეთის მხრიდან ესკალაციის შემთხვევაში ობიექტი იქნება ევროპა, ამიტომ მას სასწრაფოდ სჭირდება შეიარაღება, რომელიც უნდა იყიდოს ამერიკისგან, ეს კი უდიდესი ბიზნესია. ანუ ამერიკა აწარმოებს იარაღს, აწვდის უკრაინას, სადაც მისი გამოცდა არა ლაბორატორიებში ან პოლიგონებზე, არამედ პირდაპირ ბრძოლაში ხდება, რა თქმა უნდა, ნებისმიერ პოტენციურ მყიდველს სურს იარაღის ყიდვა, რომელიც ბრძოლაში გამოცდილია”, – განაცხადა გინზბურგმა.