სპეციალურმა სამხედრო ოპერაციამ უნდა მიიღოს ღია ექსტრატერიტორიული ხასიათი და მოიცავდეს კიევის აღებასაც, – ასე ეხმაურება რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი კურსკში განვითარებულ მოვლენებს.
“ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ოფიციალური ტერიტორიების დაბრუნების და ნაცისტების დასჯის ოპერაცია. შეგვიძლია და საჭიროცაა, ჯერ კიდევ არსებული უკრაინის მიწებზე წასვლა, ოდესამდე, ხარკოვამდე, დნეპროპეტროვსკამდე, ნიკოლაევამდე, კიევამდე და უფრო შორსაც“, – წერს მედვედევი.
მისივე თქმით, ვიღაცის მიერ დადგენილი უკრაინის საზღვრები არ უნდა იყოს რუსეთისთვის რაიმე სახის შეზღუდვა.
“შეგვიძლია და საჭიროცაა ღიად საუბარი, მორიდების და დიპლომატიური რევერანსების გარეშე“, – წერს მედვედევი.
მისივე თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ რუსეთი გაჩერდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას ჩათვლის მისთვის მისაღებად და მომგებიანად.
6 აგვისტოს შემდეგ კურსკში ბრძოლები მიმდინარეობს. რუსები უკრაინელ სამხედროებს საზღვრის “გარღვევაში“ ადანაშაულებენ.
კურსკის ოლქში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკრაინული მხარის მიერ ოფიციალური კომენტარი ამ დროისთვის არ გაკეთებულა, პუტინის განცხადებით კი, კურსკის ოლქში უკრაინის შეჭრა დიდ პროვოკაციას წარმოადგენს.