საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მერაბ ტურავას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 12:00 საათის შემდეგ შეიკრიბებიან, გადაწყვეტილება კი დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.
“გადაწყვეტილების გამოცხადების დღეა 16 ოქტომბერი. მოსამართლეები შეიკრიბებიან 12:00 საათის შემდეგ, ამის შემდეგ დაახლოებით 2 საათი სჭირდება, რომ გამოსაცხადებლად მომზადდეს გადაწყვეტილების ტექსტი, ექსპერტიზა უნდა გაიაროს სამართლებრივ დეპარტამენტში, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოცხადდება, რამდენიმე საათში, დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.
ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია, მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა, შეიძლება, თავისი მნიშვნელობით დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სამართლებრივად გადასაწყვეტად ჩვენთვის არ იყო განსაკუთრებულ სირთულეებთან დაკავშირებული. როგორიც უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება, ისეთი მივიღეთ”, – განაცხადა ტურავამ.
რაც შეეხება კითხვას, იყო თუ არა მოსამართლეებზე ზეწოლა გადაწყვეტილების მიღების დროს, ტურავამ განაცხადა, რომ “არ სჭირდებათ არავითარი ზეწოლა, რადგან ისედაც იციან, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ”.
“არავითარი ზეწოლა არ ყოფილა, ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებულები და ჩვენ განვაცხადებდით. ჩვენ არ გჭირდება არავითარი ზეწოლა, ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – აღნიშნა მან.