საქართველოს პატრიარქი არის არის დიდსულოვანი, მიმტევებელი და ითმენს ამდენ ტკივილის, შეურაცხყოფას და ისევ ლოცულობს ჩვენთვის, – ამის შესახებ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა, მეუფე დანიელმა სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
“ყველა მოვლენა, რაც ხდება მსოფლიოში, მოქმედებს ჩვენზე და რაც უფრო ძლიერია რწმენისკენ სწრაფვა, აღმავლობა, მით უფრო ძლიერია ტალღები წინააღმდეგობისა. ამას უძლებდა და დღემდე უძლებს ჩვენი პატრიარქი და მიუხედავად იმისა, რომ ის აშენებდა და ხშირად ცდილობდნენ, რომ ეს დაენგრიათ, იგი აგრძელებდა. არასოდეს ჩვენ არ გვახსოვს მისგან რაიმე საყვედურიც კი, ჩივილი. იგი ყოველთვის მწუხარე იყო არა იმის გამო, რომ მის მიმართ, ეკლესიის მიმართ იყო წინააღმდეგობა, არამედ მწუხარე იყო იმ ადამიანების გამო, ვინც ამ შეცდომაში იყო და მათთვის ლოცულობდა, დღემდე მათთვის ლოცულობს. მე ღრმად მწამს, რომ მისი ლოცვით, ყველა ის კერპი, რომელიც აღმართულია ჩვენს სულებში, დაინგრევა. ამის სიმბოლო, რომ ეს ასე მოხდება არის ეს 44 წელი.
პატრიარქი არის განმათავისუფლებელი. პატრიარქის აღსაყდრება ღვთის განგებით დაემთხვა დიდი მღვდელმთავრის, მეოთხე საუკუნის უდიდესი სასწაულთმოქმედი სპირიდონის, ტრივიფუნტელი მღვდელმთავრის დღესასწაულს. ეს იყო უდიდესი სასწაულთმოქმედი, იგი ამარცხებდა ადამიანების სულებში არსებულ ცოდვას.
მთელი ისტორია ჩვენი პატრიარქისა, ეს არის კერპების ნგრევა. მან დაანგრია კერპი ამ ათეიზმის, ის კერპები, რომლებიც იყო აღმართული თავისუფლების მოედანზე, სწორედ მისი ლოცვით შეიმუსრა. ამას აკეთებს სიყვარულით, სიძულვილისა და გაღიზიანების გარეშე. იგი არის დიდსულოვანი, მიმტევებელი და ითმენს ამდენ ტკივილის, შეურაცხყოფას, ისევ ლოცულობს ჩვენთვის. მას აღიარებს არამარტო მართლმადიდებლური სამყარო, არამედ არამართლმადიდებლური სამყარო.
ჩვენ გვინდა მადლობა შევწიროთ ღმერთს, რომ მოგვივლინა ასეთი პიროვნება, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ჩვენი სულიერება. მადლობა ვუთხრათ ჩვენს პატრიარქს, რომელმაც ის დიდი მისია, რაც უმძიმესი ჯვარი დააკისრა ღმერთმა, იტვირთა, ატარებს უდრტვინველად. არ ყოფილა მის სახეზე ყოფილიყოს უკმაყოფილების განცდა. შევთხოვოთ უფალს, დიდხანს გვიცოცხლოს.
მივმართავ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ უბრუნდებიან დედა ეკლესიის წიაღს, რომ მათ უყვართ პატრიარქი, მაგრამ თუ სურთ, რომ ეს სიყვარული იყოს ქმედითი, დაუბრუნდნენ დედა ეკლესიის წიაღს, ამით ისინი გაახარებენ პატრიარქს, მის ჯვარს შეამსუბუქებენ“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.