spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – ანტიდასავლური პროპაგანდის მიზანი საზოგადოებაში დაბნეულობისა და უნდობლობის შემოტანის გზით, ქვეყნის განვითარების შეფერხებაა

საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ეს ქვეყანა თავის მომავალსა და განვითარებას ხედავს დასავლურ სამყაროსთან (ევროპულ ცივილიზაციასთან) მჭიდრო კავშირსა და მრავალმხრივ თანამშრომლობაში. ამ გზაზე არსებობს არაერთი დაბრკოლება, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა,  მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

 

“მძიმე პერიოდს გადის ჩვენი ქვეყანა, კვლავდაკვლავ გვახსენებს თავს ის მოვლენები, რომლებიც 90-იან წლებში დატრიალდა; ამ ზღვარზე ვდგავართ დღესაც! მე ასევე მახსენდება, როდესაც კოლხეთის ღვთისმშობლის ხატი დაიწერა ათონის მთაზე და მივდიოდით თბილისში, რათა აეროპორტში დავხვედროდით მას. მაშინ სამარშუტო ტაქსების მძღოლებს მართვის მოწმობები ჩამოართვეს, რომ არ წავსულიყავით თბილისში სიწმიდის დასახვედრად (ისე დაემთხვა, რომ იმ დროს თბილისში მიტინგი იმართებოდა, ნოემბერი იყო), მაგრამ შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ვერც მართვის მოწმობების ჩამორთმევამ, და ვერც გზაზე დაყრილმა ლურსმნებმა (რომელზეც ერთხელ ჩვენც დავზარალადით) ვერ შეაჩერა ისტორიის მსვლელობა. ასეთი რამ ყოველთვის მარცხით მთავრდება და ეს ყველაფერი არის ხოლმე სისუსტის გამოხატულება.

 

გჯეროდეთ და გწამდეთ, მომავალი თქვენია, ჩვენია, ჩვენი შვილების არის და მას ვერავინ დაუშავებს რამეს, თუ ჩვენ თვითონ არ დავაზიანებთ ჩვენი სიზარმაცით, გულგრილობით, ზღვარგადასული ემოციებით, ურთიერთმიუღებლობით და აუტანლობით, ან კიდევ იმ განწყობით, რომ – მე რა შემიძლია. მახსენდება ასეთი ისტორია „პერესტროიკის“ პერიოდში გადაღებული ფილმიდან: პარტიული ყრილობიდან გამოდის ხალხი, სადაც რაღაც მნიშვნელოვან საკითხს კენჭი უყარეს, ერთხმად მიიღეს, როგორც ხდებოდა ხოლმე, და დარბაზიდან რომ გამოდიან, დელეგატები ერთმანეთში ჩურჩულით საუბრობენ, თავს დამნაშავეთ გრძნობენ; მხრებს იჩეჩავენ და თითქოსდა თავს იმართლებენ, ერთმანეთს ეუბნებიან, – მე მხოლოდ ერთს რა შემეძლო? ერთ ადამიანს მართლაც რა შეუძლია(?), მაგრამ რამდენი ასეთი ერთია?!

 

ამ ქვეყანას ჩვენი ერთობა სჭირდება! ძალა ერთობაშია! სწორედ ეს უნდა გვახსოვდეს, მით უმეტეს რომ ქართული სახელმწიფოს სიმბოლოშიც სწორედ ეს სიტყვებია გამოტანილი – ძალა ერთობაშია!

 

უპირველესად უფალს მივუძღვნათ ჩვენი გული და რწმენა, ხოლო ერთმანეთს ვაჩუქოთ სიყვარული. ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ცხოვრების გაკეთილშობილებაზე! ამ პროცესს საფუძვლად უნდა დავუფინოთ სიყვარული ღვთისა და სიყვარული ადამიანისა (მოყვასისა).

 

და ბოლოს, მოდით ჩვენს დღევანდელ ვითარებას შევეხოთ. საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ ეს ქვეყანა თავის მომავალსა და განვითარებას ხედავს დასავლურ სამყაროსთან (ევროპულ ცივილიზაციასთან) მჭიდრო კავშირსა და მრავალმხრივ თანამშრომლობაში. ამ გზაზე არსებობს არაერთი დაბრკოლება. ამ კონტექსტში მინდა გაგახსენოთ ერთი სიტყვა, ეს არის სიტყვა „დემაგოგია.“ …და მაინც რას აღნიშნავს ის? ნიშნავს კი იმას, რომ სასურველი აზრი იმდაგვარად მიეწოდოს ადამიანს, რომ მოხიბლოს, მონუსხოს (მოწამლოს), ადვილად შეიყვანოს იგი შეცდომაში და დაიპყროს მისი გონება.

 

უცხო სიტყვათა განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ: დემაგოგია – ორატორული და პოლემიკური ილეთები და საშუალებები, რომლებიც გამოიყენება აუდიტორიის დასაბნევად, რაც შესაძლებელს ხდის მის მიმხრობა-გადაბირებას ლოგიკურ შეცდომებზე დაფუძნებული ცრუ თეორიული მსჯელობის საშუალებით. ხშირად გამოიყენება პულიტიკური მიზნების მისაღწევად; ასევე რაკლამასა და პროპაგანდაში. 

 

ანტიდასავლური პროპაგანდის მიზანი არის ჩვენს საზოგადოებაში დაბნეულობისა და უნდობლობის შემოტანის გზით, ქვეყნის განვითარების შეფერხება.

 

თქვენი ოჯახის წევრები, უახლოესი ადამიანები, სად არიან წასულები? ისინი ქვეყნის გარეთ ეძებენ ბედნიერებას, თავის შესაძლებლობათა რეალიზების გზებს, ბოლოს და ბოლოს, ფიზიკურ გადარჩენას. ნუთუ არ გინდათ, რომ აქ განვითარდეს ცხოვრება, აქ დალაგდეს ყველაფერი იმგვარად, რომ შენი ოცნება არ იყოს სადღაც გაქცევა და შენს შვილებს და შვილიშვილებს ჰქონდეთ მომავალი აქ, საკუთარ სამშობლოში.

 

ადამიანი ბედნიერი ვერ იქნება, თუ ქვეყანაში არ შეიქმნა გარემო, სადაც ის შეძლებს თავისი თავის რეალიზებას, საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების გამომჟღავნებას და მათ გამოყენებას. ამ ქვეყნის კეთილმოწყობასა და მის დალაგებას, ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რომ სჭირდება (ამ სიტყვების ფართო გაგებით) სათანადო განათლება და უსაფრთხოება!…და თუ მთელმა საზოგადოებამ, თითოეულმა ჩვენგანმა არ მოინდომა ერთიანი ძალისხმევით წინსვლა, ცხადია, რომ ქვეყნისთვის ძალიან მძიმე იქნება ხვალინდელი დღე და, საზოგადოდ, მომავალი!

 

იმედი მაქვს, რომ დავძლევთ და გადავლახავთ ყველა სირთულეს, რაც განვითარების გზაზე წინ ეღობება ჩვენს სამშობლოს. ყოველგვარ სასწარკვეთილებას კარი უნდა დავუხუროთ, მაგრამ გულისკარი უნდა გავუხსნათ ერთმანეთს, და რაც მთავარია, გვახსოვდეს: ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესსა მისსა და დანარჩენი ყოველივე მოგვეცემა (შეგვეძინება) ჩვენ”, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები