თქვენ ხშირად მოგისმენიათ – მძიმე ჯვარი მარგუნა ღმერთმა, ჯვარი მძიმე არ არსებობს. არ დავუჯეროთ იესოს? შეიძლება, შენ დაგიმძიმდეს ჯვარი, თუ შენ არ ხარ მთელი გულით ღმერთზე მინდობილი, თუ შენს რწმენაში ბზარი შემოიპარა, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“დღეს, თავისუფლების პირობებში, ვხედავთ ტენდენციებს, რომელიც მებრძოლი ათეიზმის დროსაც კი გაგაკვირვებდა ადამიანს. თურმე, საეჭვო არის წმინდა ნინოს, როგორც პიროვნების არსებობა, რომ ეს შესაძლებელია იყოს მითოლოგიის ნაწილი და არა რეალური პიროვნება. არის მცდელობა, რომ ადამიანების რწმენაში ბზარი შეიტანონ. თან ეს მოდის უკვე განათლების და მეცნიერების სახელით, რომ ეს კიდევ საკვლევი და გამოსაძიებელია. მეოთხე საუკუნეში მოდის წმინდა ნინო საქართველოში და მისი კვალი დღესაც იგრძნობა ჩვენი ერის ცხოვრებაში. ის დღესაც ჩვენს შორის დაიარება. როდესაც ასეთი მცდელობა არის, ამის შემდეგ ჩვენ უნდა ველოდოთ იმას, რომ კიდევ ვიღაცამ გამოთქვას აზრი – ჩვენ კარგად უნდა დავრწმუნდეთ – მართლაც, არის ბოდბეში დამარხული წმინდა ნინო? სვეტიცხოველში მართლა არის კვართი უფლისა დაფლული? აი, აქამდე მიდის და ეს გზა სად მიგვიყვანს, ჩვენ კარგად ვიცით, ამის ისტორიული გამოცდილებები არსებობს. ნათქვამია: “არა განსცადო უფალი ღმერთი შენი“. რაც გვაქვს და მიგვიღია დღემდე, ამას მოვუფრთხილდეთ სათუთად, რადგან ეს ჩვენთვის არის ის საყრდენი, რომელიც არამარტო ჩვენს აწმყოს, მომავალსაც რომ უზრუნველყოფს.
რა უნდა ვქნა იმისთვის, რომ საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდრო? – მცნებები შეასრულე: პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა, რათა კეთილგეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა; არა იმრუშო, არა იპარო, არა კაცკლა, არა ცილი დასწამო, არ შეგშურდეს სხვისი არაფერი.
ახლა მეორე კითხვა – სრულყოფილებას ეძებ? მაშინ რაც გაქვს ყველაფერი გაყიდე, მოდი და შემომიდექი მე.
ვის შეუძლია გადარჩენა?- კაცთათვის შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია. ღმერთისთვის შეუძლებელი არაფერია, მაგრამ ამას არა მარტო ცოდნა, არამედ რწმენა სჭირდება, ღმერთზე მინდობა.
მოწაფეები, რომლებიც სულ მასთან არიან ეუბნებიან, ჩვენ ყველაფერი დავტოვეთ და გამოგყევით. როგორია ჩვენი ბედი? და ეუბნება – ვინც სასუფევლისთვის დატოვებს სახლს, ცოლს, მშობლებს, ძმებს, შვილებს, მიიღებს მრავალგზის მეტს, ხოლო მომავალში დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას.
ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საფეხურებს ღმერთთან მიმართებაში ადამიანების დამოკიდებულებისა. ერთნი, რომლისთვისაც სავსებით საკმარისია, რომ ცნებები აღასრულოს; მეორე – რომლებიც მსოფლიურზე უარს ამბობენ და გაჰყვებიან უფლის გზას და მესამენი – მოციქულებრივ ღვაწლში მყოფი ადამიანები.
თქვენ ხშირად მოგისმენიათ – ვაიმე, მძიმე ჯვარი მარგუნა ღმერთმა, ჯვარი მძიმე არ არსებობს. არ დავუჯეროთ იესოს? შეიძლება, შენ დაგიმძიმდეს ჯვარი, თუ შენ არ ხარ მთელი გულით ღმერთზე მინდობილი, თუ შენს რწმენაში ბზარი შემოიპარა. აქ, რა თქმა უნდა, გიმძიმს. რასაკვირველია, არ ხარ სრულყოფილი და ხანდახან დაგიმძიმდება ეს ჯვარი, მაგრამ ვისაც ის უყვარს მთელი სულით, მთელი გულით და გონებით – მძიმე არ არის. ჩვენ, ადამიანები ვართ და ხანდახან სისუსტეები შემოგვიტევს, ამან არ უნდა შეგვაშინოს”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.