როცა იოანე ნათლისმცემელზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა ჩაგვესმოდეს ყურში – “შეინანეთ, რამეთუ მოახლებული არს სასუფეველი ცათა”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ხობის მუნიციპალიტეტში, იოანე ნათლისმცემლის დედათა მონასტერში სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.
“ადამიანი უნდა იყოს ღვთის მადიდებელი არა მარტო სიტყვით, არამედ საქმით, მაუწყებელი იმ სიკეთეებისა, რაც ღმერთმა გააბნია მთელ სამყაროში.
ადამიანის არსებისთვის როგორც ღმერთია მარადიული, ისე ღმერთთან კავშირში არსებული ფასეულობებია მარადიული. როცა იოანე ნათლისმცემელზე ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა ჩაგვესმოდეს ყურში – “შეინანეთ, რამეთუ მოახლებული არს სასუფეველი ცათა”.
ჩვენ მგზავრები ვართ წუთისოფლისა და გჭირდება აუცილებლად, რომ დროის ფასი გავიგოთ და მოვუფრთხილდეთ დროს, ნაკლებად დავუშვათ შეცდომები, მაგრამ თუ დაუშვებ შეცდომას, “შეინანეთ, რამეთუ მოახლებული არს სასუფეველი ცათა”.
გაუფრთხილდით სიტყვას, ემოციებს როცა ავყვებით, მერე სიტყვაც გაგვირბის, ვნანობთ ხოლმე ჩვენსავე ნათქვამს, სიტყვა გაფრენილ ჩიტსა ჰგავს, მას უკან ვეღარ დააბრუნებ. ერთ-ერთი საშუალება გაქვს, რომ შენდობა ითხოვო ღვთისგან და მისგან, ვისაც გული ატკინე.
ხშირად ხდება ადამიანი შეურაცხყოფს მეორე ადამიანს, ეკლესიაში მიდის და “მამაო მაპატიე, ასე გავაკეთე”, მაგრამ იმ ადამიანს რას უშვრები, ვისაც გული ატკინე, ჭრილობა მიაყენე? შენ ხომ კლავ მას ამ სიტყვით, არ ფიქრობენ, რომ მეორე ადამიანს ოჯახი ჰყავს, შვილები ჰყავს, ერთი ადამიანის უსამართლო დამოკიდებულებით, შენ შეიძლება, ათასებს მიაყენო შეურაცხყოფა და ტკივილი. ჩავიხედოთ უკეთესად საკუთარ გულში, სულში, საკუთარი თავი ვამხილოთ და საკუთარი ქმედება გავასამართლოთ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.