ჩვენ ვცხოვრობთ ექოპაში, როდესაც აღარ იდევნება ქრისტიანობა და ქრისტიანები, მაგრამ ისეთი წარსულიდან მოვდივართ, რომ არა თუ სუფთა ფურცლიდან გვიწევს სარწმუნოების სწავლა, არამედ ჩვენში ჩაბეჭდილია ჩვევები და გვიწევს ამის წაშლა და თავიდან გადაწერა, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, უფროსს თაობას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მართებთ იმისათვის, რომ კარგი მაგალითები აჩვენონ მომავალ თაობას.
“ჩვენ ვცხოვრობთ ექოპაში, როდესაც აღარ იდევნება ქრისტიანობა და ქრისტიანები, მაგრამ ისეთი წარსულიდან მოვდივართ, რომ არა თუ სუფთა ფურცლიდან გვიწევს სარწმუნოების სწავლა, არამედ ჩვენში ჩაბეჭდილია ჩვევები და გვიწევს ამის წაშლა და თავიდან გადაწერა, ეს ბევრად რთული პროცესია, ამას დიდი მოთმინება სჭირდება და იმედი გვაქვს, რომ ახალი თაობა უკეთესი იქნება, ვიდრე მშობლების თაობა, მაგრამ მეორე მხრივ, ადამიანი იზრდება ოჯახში და ბევრ რამეს მშობლებისგან ითვისებს. მათ მაგალითს მიბაძავს ხოლმე ცნობიერად თუ ქვეცნობიერად ამიტომ, უფროსს თაობას კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მართებს საკუთარი თავის მიმართ, რომ კეთილი მაგალითები უჩვენონ საკუთარ შვილებს.
ადამიანის გონება ძალიან ბევრი სიცრუითა და დამახინჯებული ისტორიებით შეივსო. იქამდე იყო ეს მისული, რომ იესო ქრისტე არ არსებობდა, გამოგონილი პიროვნება არისო. ადამიანის გონებაზე მასიური შეტევის შედეგად, ადამიანის გონებაში მოხდა კარიკატურული წარმოდგენების ჩამოყალიბება. ძალიან ძნელია ამ კარიკატურის განდევნა გონებიდან, ამიტომ, ჩვენი რწმენა ვერ არის სრულყოფილი. კიდეც გჯერა და კიდეც არ გჯერა. ეს გაორებული ფაქტობრივად.
ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ყველაფერს ეშველება, მაგრამ მთავარია, მონდომება, ძალისხმევა. ადამიანი და ღმერთი ხვდება. რა შეხვედრაა ეს? როგორ უნდა დაინახოს ადამიანმა ღმერთი? ღმერთს ხელში ვერ აიყვან, ვერ მოეფერები. ღმერთი შეიძლება შეიგრძნო. ღმერთი სულია და სული – სულით უნდა შეიგრძნო. ჩვენ ღვთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი. ყველა პირობა გვაქვს მოცემული, რომ ღმერთი ვიხილოთ, მაგრამ როცა ვიხილეთ ღმერთი, ვერ შევიშნეთ ეს და განდევნილ ვიქენით სამოთხიდან. თქვენ იცით, რომ ადამი და ევა ღმერთთან უშუალო ურთიერთობაში იყვნენ, მათთან მოდიოდა ღმერთი, ესაუბრებოდა. მაგრამ ადამიანის სულიერ თვალს ლიბრი გადაეკრა.
უკვე ახალი აღთქმის ეპოქაში მოდის რა იესო ქრისტე, იშვება რა ბეთლემის გამოქვაბულში, გადის მძიმე გზას და ბოლოს, ეს გზა გოლგოთაზე მთავრდება ჯვარზე სიკვდილით.
ამას მოსდევს დაფვლა და მკვდრეთით ამაღლება. გჯერა ეს ყველაფერი? გწამს? როგორია შენი რწმენის სიღრმე?
ჩვენ ვამბობთ, რომ “გვწამს, უფალო“, მაგრამ როგორც კი რაღაც განსაცდელები მოიწევა, შეჭოჭმანდები და ეს არის ჩვენი რწმენის სისუსტე. როგორ შეიძლება, რომ რწმენაში გაძლიერდე? მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა არსებობს რწმენაში გაძლიერებისა – უნდა ილოცო, ტაძარში იყო, ტაძარს არ უნდა მოწყდე.
აი, სვიმეონი, რომელიც ელოდა, 360 წლისა იყო უკვე და მხოლოდ მაშინღა გახდა ღირსი, რომ ენახა, შეხვედროდა და შეხებოდა, ხელში აეყვანა, ვის მიმართ ეჭვია გამოც კანონი დაედო მას. ჩვენ როგორ ავიყვანოთ უფალი ხელში? უფალი ხელში კი არა, გულში უნდა გყავდეს. ეს არის სულის მდგომარეობა. როცა ადამიანი ფიზიკურად ცდილობს ამას, ის უკვე ხიბლში ვარდება და დიდი საფრთხეების წინაშეა. შენს გულში უნდა ჩაეხუტო უფალს, ჩაიკრა.
რატომ ვამბობთ ხოლმე, “ჩვენი გული ვაქციოთ იმ გამოქვაბულად, სადაც იბადება იესო ქრისტე“. ისეო ქრისტე დაიბადა ამ სოფლად ბეთლემის გამოქვაბულში, მაგრამ ის მრავალჯერადად იბადება ადამიანების გულში. როცა ადამიანი რწმენაში მოდის, მის გულში ქრისტე იბადება და ქრისტეს დაბადება ისეთია, რომ თუ შინაგანი მდგომარეობით, შინაგანი გრძნობით ადამიანი ამას განიცდის. ამისთვის ჩვენ უნდა გავიაროთ ის გზა, რომელიც უფლის შემეცნებისკენ მიდის.
უფლის შეცნობა, უფალთან დაახლოება ხდება დიდი შრომით და ეს შრომა რაში მდგომარეობს? ღვთივსულიერი წიგნების კითხვით, წმინდანთა ცხოვრების გაცნობით და დროის დათმობით ამაზე საჭირო.
ლოცვები ჩვენს გულს ათბობს. გამზადებს კიდევ უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ლოცვისთვის. როდესაც ადამიანი უფლის წინაშე დგას და თავის გულში, თავისი სიტყვებით მიმართავს უფალს, მასთან ურთიერთობს.
მე მახსენდება ერთი ისტორია, როდესაც ტაძარში მსახურებაა და ერთი ყმაწვილი ჩამომჯდარა ხატის წინ და საერთო ლოცვაში პრაქტიკულად, არ მონაწილეობს. შეამჩნია ეს სასულიერო პირმა და რაღაც დროის განმავლობაში ეს, რომ ხდება და ერთ დღესაც ეუბნება – “ტაძარში რომ დადიხარ, ჩვენ გხედავთ. ჩვენ, რომ ვლოცულობთ, შენ რატომ არ ლოცულობ ჩვენთან ერთად? – ის ამბობს, როგორ არ ვლოცულობო. როგორ ლოცულობ? ჩვენ პირჯვარს ვიწერთ, მეტანიებს ვასრულებთ და შენ არაფერს ასეთს არ აკეთებ. მე ვლოცულობო, მე დედა ღვთისმშობელს ვუყურებ, ის მე მიყურებს და ჩვენ ორივე ერთად კარგად ვგრძნობთ თავსო.
ამას ვერანაირი ლოგიკით ვერ ახსნი, ეს უნდა გამოცადო ადამიანმა. ეს არის სულიერი უშუალო ერთობა, რომელიც ადამიანის გულს ეუფლება. სვიმეონის მაგალითს ხაზს ვუსვამ მე, რომ მას შემდეგ, რაც უფალმა უთხრა, რომ შენ არ მოკვდები, ვიდრე არ იხილავ შენი თვალით, ის ტაძარს არ მოსცილებია. ტაძარს მოწყვეტა ნიშნავს იმას, როდესაც ეკლესიაში არ დადიხარ, აღსარებას არ ამბობ, არ ეზიარები. შენ წყდები ფაქტობრივად ეკლესიურ ცხოვრებას, იმ საიდუმლოებებში არ მონაწილეობ, რომელიც სრულდება. არადა ეს ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი განათლებისთვის, ადამიანის ღმერთთან დაახლოებისათვის. ეს გეხმარება იმაში, რომ იპოვო ღმერთი და რას ნიშნავს, იპოვო ღმერთი? ე.ი. შენ შენი თავი უნდა იპოვო, შენვე უნდა აღმოაჩინო. როცა ადამიანი ღმერთს კარგავს, ფაქტობრივად, თავის თავს კარგავს. ღმერთი სულია და სული სულით შეიცნობა. შეიძლება დაგვეუფლოს ის განცდა განსაკუთრებული შინაგანი მდგომარეობა, როცა გრძნობ ღმერთს. ეს ის წუთები და წამებია, რომელიც არასდროს გავიწყდება, გათბობს. არის ერთჯერადი შეხება ღმერთთან და არის მარადიული.
ჩვენ ვისწრაფით მარადიულ შეხებაში ვიყოთ უფალთან და ეს არის ნეტარება, სულის ნეტარება. ეს დაგვპირდა, რომ თქვენ მოგეცემათ სიხარული, მაგრამ ამისთვის უნდა იშრომო, იღვაწო, რადგან რწმენის გარეშე შეუძლებელია, ადამიანი ღმერთს ეზიაროს.
რა არის რწმენა? რწმენა არის დაჯერება და მიღება უხილავისა, ვითარცა ხილულისა. რასაც ხედავ და რასაც შეგიძლია, ჩაკიდო ხელი, იმას რწმენა რაში სჭირდება?
რწმენა სჭირდება იმას, რაც ფიზიკური თვალით უხილავია და ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანს სულიერი თვალი აეხილება.
როდესაც მოდიან ტაძრად მარიამი და იოსები და ტაძრად მოჰყავთ 40 დღის ჩვილი, მიზეზი რა არის? მადლიერება, რომ მადლი შესწირონ ღმერთს.
არასდროს არ უნდა დავკარგოთ მადლიერების გრძნობა, მადლიერების განცდა უპირველესად ღვთის მიმართ. არა თუ შვილის შეძენისას, რაც მართლაც ღმერთის საჩუქარია, არამედ ყოველი მზის ამოსვლისას, ყოველი გათენებისას, ყოველი ახალი დღე რომ დადგება, არ უნდა გაატარო უმადურად. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. გიხარია? მადლობა თქვი, გეტკინა? მადლობა თქვი ამისთვისაც, იმიტომ, რომ შემთხვევით და უბრალოდ არაფერი ხდება. განსაცდელიც კი ძალიან ბევრ რამეს გვასწავლის. თუ არა ღვთის მადლი, ნაბიჯის გადადგმა იქნებოდა შეუძლებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საკუთარი თავის მიმართ ადამიანში უნდა დაითრგუნოს რწმენა. შენ უნდა გჯეროდეს შენი თავის. ძალიან მადლიანი ნიჭით დაგაჯილდოვა ღმერთმა და დიახ, ამაში დარწმუნებული იყო და უნდა ეცადო, რომ ეს ნიჭები შენში განავითარო, მაგრამ ისევ და ისევ მოუწოდე უფალს, რათა მადლი სულისა წმინდისა მოვიდეს შენზედა და მეტად გაგეხსნას შესაძლებლობების კარი.
ღვთისმსახურება საოცარი, ენით აუწერელი რამ არის. ყოველი წირვის ჟამს ხდება სასწაული. ეს მდგომარეობს იმაში, რომ პური გარდაიქმნება ხორცად და ღვინო ქრისტეს სისხლად. ტაძარი სავსეა უხორცო ზეციური არსებებით, ანგელოზებით. ჩვენ მეტი უნდა ვისწავლოთ, გავცნობიერდეთ ღვთისმსახურების არსში, რაც კიდევ მეტად შეგვიწყობს ხელს ჩვენი რწმენის გაძლიერებასა და განმტკიცებაში იმისათვის, რომ აღვასრულოთ კურთხევა – შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა.