თუ არ ვისწავლეთ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებების მოსმენა, ვერ აშენდება შეგნებული საზოგადოება, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.
“წარსული რომ დაანგრიო, მისი საფუძვლიანი ანალიზი უნდა გააკეთო, რაშია უკეთურობა, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. თუ არ შეაფასე რა ზიანს გაყენებდა, ის მაინც გააგრძელებს შენში ცხოვრებას. ამასთან ერთად წარმოდგენა უნდა გქონდეს რას აშენებ, რა გვინდა ბოლოს და ბოლოს, ესეც არ არის კარგად წარმოდგენაში მოცემული. შეიძლება ეს მთლად ჩვენი ბრალიც არ იყოს, რადგან ძალიან რთული პროცესია ეს.
ძალიან დიდი მოთმინება გვჭირდება, რომ ერთმანეთს არ დაერიონ ადამიანები, ყველას თავისი სიმართლე აქვს, ყველას თავისი წარმოდგენა აქვს, დარწმუნებულია ყველა, რომ უყვარს თავისი სამშობლო და სიკეთე უნდა მისთვის, მაგრამ თუ არ ვისწავლეთ განსხვავებული აზრის, განსხვავებული შეხედულებების მოსმენა, ვერ აშენდება შეგნებული საზოგადოება, რომელსაც შეუძლია, მოისმინოს ერთმანეთის აზრი, კეთილი გამოარჩიოს და დაირაზმოს, რომ აშენოს მომავალი.
ჩვენი ხალხის, ჩვენი შვილების მომავალს სჭირდება გადარჩენა, მაგრამ აშკარად იგრძნობა ისიც, რომ წარსული, რაზეც უარი ვთქვით, დღესაც ძალიან სერიოზულ გავლენას ახდენს ჩვენს მსოფაღქმაზე, თვით ჩვენს ქრისტიანულ შეხედულებებზეც კი. რთული პროცესია რა თქმა უნდა, პროგნოზს ვერ ვიტყვით რა იქნება ხვალ და ზეგ, გვინდა, რომ უკეთესობა იყოს. ამის წარმოდგენაც ცოტა ძნელია, მაგრამ ერთი რამ ცხადია – ეკლესია, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა განვითარდეს მომავალი, თავის სულიერ შვილებთან იყო, არის და იქნება. ეკლესია თავისთვის არ არსებობს განკერძოებულად, იესო ქრისტემ ეკლესია ხალხისთვის დააფუძნა და სადაც იქნება ეს ხალხი, იქ იქნება მისი ეკლესია. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა გამოვხატოთ ჩვენი ქრისტიანული იდენტობა – ვინ ვართ როგორც ქრისტიანები, რას წარმოვადგენთ, ქრისტე ხომ არ ჩავანაცვლეთ სხვა ფასეულობებით. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ვიგრძნოთ, ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.