მართლმადიდებელმა სამყარომ საუკუნო სავანეს მიაბარა კვიპროსის ეკლესიის მეთაური, ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოდან კვიპროსში ორი მღვდელმთავარი იმყოფებოდა.
“გუშინ საუკუნო სავანეს მიაბარა მართლმადიდებელმა სამყარომ კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მისი უნეტარესობა, ახალი იუსტინიანესი და სრულიად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი ქრისოსტომოს III. მქონდა პატივი პირადად მცნობოდა ეს ადამიანი, უაღრესად თავდადებული ეკლესიის მწყემსი, თავისის საქმის დიდად მოყვარული და ამავე დროს უშიშარი ადამიანი. ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს მისი უკვდავი სული, საბოლოო გზაზე მას წესი აუგო ბართლომეოსმა.
საქართველოს ეკლესია წარმოდგენილი იყო სამგლოვიარო ცერემონიაზე ორი მიტროპოლიტით, იქ ბრძანდებოდა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა.
იცით, რომ კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილი ოკუპირებულია, შუა ქალაქში ნიქოზიაში სადემარკაციო ხაზი გადის. ეს დიდი ხანია გრძელდება, დღემდე ეს პრობლემა პრობლემად რჩება, მისი უნეტარესობა ქრისოსტომოს თურქების მიერ პატიმრობაშიც კი იმყოფებოდა და ეს სირთულეები მას პირადად აქვს გამოვლილი“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.