spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მეუფე გრიგოლი – მე ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც გვიახლოვდება, თუ რაღაც არ შევცვალეთ

ფანატიზმი შეიძლება იყოს რელიგიურიც, შეიძლება მან პოლიტიკური ელფერიც მიიღოს, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გზას უხსნის ძალადობას და ქრისტიანობისთვის ძალადობა უცხოა, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებიდან განაცხადა.

 

“დღეს მრავალი საფრთხე არსებობს, დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს, მაგრამ შიში არა, ჩვენ გვჭირდება სიფრთხილე და გონიერება.

 

რწმენა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებისა, რელიგია, რომელიც ადამიანის ღმერთთან ურთიერთობის ამსახველი უნდა იყოს, არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ როგორც კი რელიგია პოლიტიკასთან ისე ღრმად შევა ურთიერთობაში, რომ გარჩევა ძნელი ხდება, იქ ზიანდება სწორედ ქრისტიანული სწავლება, რასაც იესო ქრისტე გვიქადაგებს. ამიტომ არის ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება საჭირო. ერთია ჩვენი უფალი იესო ქრისტე, ერთი მამის წიაღში ვცხოვრობთ, ამიტომ სიყვარული და ურთიერთპატივისცემა გვმართებს ერთმანეთის. როდესაც ხდება რელიგიის იდეოლოგიზება, ეს აჩენს უკვე საფრთხეს ფანატიზმისთვის. ფანატიზმი შეიძლება იყოს რელიგიურიც, შეიძლება მან პოლიტიკური ელფერიც მიიღოს, საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი გზას უხსნის ძალადობას და ქრისტიანობისთვის ძალადობა უცხოა. ჩვენი რწმენის წინამძღვარი ჯვარს აცვეს, ადამიანები, რომლებიც ერთს რომ აწამებდნენ, გამოდიოდნენ და ამბობდნენ – მეც ქრისტიანი ვარ, მეც მაწამეთ, აი, მთელი ძალა ამაში იყო. ჩვენ სულიერი და ფიზიკური ძალა ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ. მნიშვნელოვანია, ვეცადოთ, რომ თანამედროვე ათეისტებად არ ვიქცეთ, ქრისტეს დაცვის, ჭეშმარიტების დაცვის საბაბით, არ დავუპირისპირდეთ ჭეშმარიტებას და იმ გზას, რასაც იესო ქრისტე ითხოვს მისი მიმდევრებისგან.

 

გვახსოვდეს, ყველაზე სახიფათოა ადამიანი რომ ადამიანს ჭამს და მის ტოლფასია, რომ ერთმანეთი სძულთ, როცა ამ სიძულვილს ანთხევენ ერთმანეთზე, სიტყვას არ აკონტროლებენ, პასუხისმგებლობას არ გრძნობენ და თუ დაჩაგრეს ვინმე, გახარებული არიან და თვითკმაყოფილები, რა კარგად დაიცვეს ქრისტე, პასუხი თვითონ გაეცით. მე ვხედავ ძალიან დიდ საფრთხეს, რომელიც გვიახლოვდება, თუ რაღაც არ შევცვალეთ, მე ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია ამის თქმა, თუმცა რამდენად შესაძლებელია რამის შეცვლა, მე ვერ გეტყვით უკვე, მანქანა ამუშავებულია და ამ ერთმანეთში დაპირისპირებაში, ჩვენ შეიძლება შიგნით დაგვიტრიალდეს უბედურება, გვაქვს ამის გამოცდილება, რას ნიშნავს სამოქალაქო დაპირისპირება, როცა რაღაც მეორდება, ის მეტი სიმძაფრით და უბედურებით მოდის, ამიტომ ნუ დავივიწყებთ წარსულს. შეიძლება ადამიანებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, წყენა, ტკივილი ჰქონდეთ, მაგრამ ისევ ჩვენ უნდა ვაჯობოთ საკუთარ თავს ჩვენი შვილებისთვის, მათი მომავლისთვის”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები