სამწუხაროდ, ადამიანების თვით რელიგიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაშიც კი გამოსჭვივის გარდასული (და, თითქოსდა, დაშლილი!) სისტემისა და იდეოლოგიის კვალი, რაც უკიდურესად გვიძნელებს ისედაც ძნელი გზის გავლას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის, მეუფე გრიგოლის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.
“არ შეიძლება არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ დღეს ჩვენში მოძალებულია სიძულვილის ენა, ადამიანებს შორის გაუცხოება, ერთმანეთის აუტანლობა, ზღვარგადასული დაპირისპირება, საზოგადოებისა და ქვეყნის არათუ განვითარებას უზრუნველყოფს, არამედ უსაფრთხოებისთვის არის რეალური საფრთხის შემცველი. არადა, შერიგებას და პატიებას, შეცდომის აღიარებასა და ურთიერთშენდობას თითქოსდა არ უნდა ჰქონდეს ალტერნატივა!
მძიმე სანახავია, როცა არაერთი ადამიანი ტოვებს მშობლიურ სახლს, სოფელს, ქალაქს, ქვეყანას და მიდის უცხოეთში (და მათი რიცხვი ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო იზრდება) უკეთესი პირობების საძიებლად, სადაც მრავალი სირთულე და განსაცდელი ელოდებათ. ძვირფასო თანამემამულენო, იმედს გამოვთქვამ, რომ არ დანებდებით ცხოვრებისეულ მძიმე გამოწვევებს და ღვთის მადლით დაძლევთ სირთულეებს. ყოველთვის გახსოვდეთ ფსალმუნის სიტყვები: “უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?“(ფს 26,1)
საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ მრავალმა სირთულემ, მათ შორის, საბჭოეთის მახასიათებელმა ტენდენციებმა იჩინა თავი და ეს აშკარად იგრძნობა, უპირველესად კი – ჩვენი საზოგადოების მენტალობაში; ამ მხრივ, გამონაკლისი თითქმის არც კი არსებობს; სამწუხაროდ, ადამიანების თვით რელიგიურ ცხოვრებასა და ურთიერთობაშიც კი გამოსჭვივის გარდასული (და, თითქოსდა, დაშლილი!) სისტემისა და იდეოლოგიის კვალი, რაც უკიდურესად გვიძნელებს ისედაც ძნელი გზის გავლას დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობისკენ, შებოჭილობიდან თავისუფლებისკენ, უპიროვნო მასაში ჩაკარგული ადამიანიდან პიროვნულობისკენ”, – აცხადებს მეუფე გრიგოლი.