ცხოვრება ფერისცვალების გარეშე წარმოუდგენელია, უცოდველი არავინ არ არის და ყოველი ცოდვის შემდეგ, როცა ადამიანი წამოდგება, რა თქმა უნდა, განახლების პროცესი მიდის, ხელახლა იბადება ადამიანი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო ქადაგებისას განაცხადა.
“წუთისოფლის განსაცდელები მიმოიტაცებს ხოლმე ადამიანის გონებას, საცდური ძალიან დიდია, ხან ადამიანი კარგავ უფალს, ცდილობ კვლავ დაუბრუნდე, იპოვო შენი თავი, ამისთვის არის საჭირო ჩვენი სულიერი ცხოვრება არა ერთჯერადად, არა დროგამოშვებით, არამედ მუდმივად.
თუ რამე შეგვეშალა, თუ წავიფორხილეთ, სინანულის საიდუმლოს მეშვეობით განვიწმინდოთ, წაქცეული კვლავ წამოვდგეთ და გავაგრძელოთ გზა, რადგან ცოდვა არ არის ის უკანასკნელი მოვლენა, რომლითაც დამთავრდა ჩვენი ცხოვრება, ცოდვას წამოდგომა უნდა მოჰყვეს, საშინელება, უბედურება და ტრაგედიაც კია, როცა წაქცეულს წამოდგომა არ უნდა, ეს უკვე თვითმკვლელობის ტოლფასია. ცოდვაზე ხან შევძრწუნდებით, ეს რა დაგვემართა, მაგრამ შემდეგ გადის მოკლე ხანი, ტკივილიც გადის და ისევ მიუბრუნდები. არ შეიძლება ეს, პატივი ვცეთ საკუთარ თავს და ამით განვადიდოთ უფალი ჩვენი, რომ არ ავცდეთ მთავარ ჩვენ სულიერ ორიენტირს.
ცხოვრება ფერისცვალების გარეშე წარმოუდგენელია, უცოდველი არავინ არ არის და ყოველი ცოდვის შემდეგ, როცა ადამიანი წამოდგება, რა თქმა უნდა, განახლების პროცესი მიდის, ხელახლა იბადება ადამიანი. ღმერთმა მოგცეთ მადლი და წყალობა წარმატებისათვის, რომ დავძლიოთ ეს და არა ერთმანეთს მივაძახოთ – ეს ცოდვილი კაცია, ამან ეს დააშავა. რომელია ჩვენ შორის უცოდველი?! ასეთი არ არსებობს კაცთა შორის, ამიტომ უპირველესად, შევავედროთ უფალს ჩვენი ცოდვები, გავიხაროთ იმ მადლით, რომელიც მოგვეცემა და ნათელით, რომელიც უფალმა დაგვანახა.
ჩვენ რომ გვინდა დიდ მადლს ვეზიაროთ, ცოდვები უნდა მოვინანიოთ, განვიწმინდოთ, მთავარია, მეტი სიფხიზლით ვიცხოვროთ, მოვუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ერთმანეთს, ყველა ერთნაირად ძლიერი არ არის”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.