გვახსოვდეს, რომ ის, რაც ღვთისგან გვისწავლია, რაც იესოს უქადაგია, ისე არ დასრულდება სამყარო, რომ თითოეული სიტყვა არ ასრულდეს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“ნუ უარვყოფთ იმ ადამიანებს, ვინც არ არიან ეკლესიაში, ვინც შეიძლება, არ არიან ეკლესიის წევრები, ვინც შეიძლება მონათლულიც კი არ არიან და ქრისტიანებიც კი არ არიან. შემხვედრია ადამიანი, რომელიც ქრისტიანი არ არის, მაგრამ ისეთი სათნო თვისებები მინახავს, ვფიქრობ “დიდება შენდა უფალო”.
ღმერთის მიერ შექმნილ ადამიანში კი არის ყოველგვარი სიკეთე, მაგრამ ამ სიკეთეს სჭირდება ნოყიერი ნიადაგი, რომ განვითარდეს. შეიძლება ტაძარშიც დადიოდე, აღსარებასაც ამბობდე, მაგრამ იქცეოდე, როგორც ღმერთს დაპირისპირებული ადამიანი, როგორც უარმყოფელი ქრისტესი. გვახსოვდეს, რომ ის, რაც ღვთისგან გვისწავლია, რაც იესოს უქადაგია, ისე არ დასრულდება სამყარო, რომ თითოეული სიტყვა არ ასრულდეს.
მივიღოთ როგორც გაკვეთილი, ნუ შევიძულებთ ერთმანეთს, ნუ შევიძულებთ ადამიანებს და ადამიანობას, ნუ შევხედავთ ზემოდან ქვემოთ მათ, ვინც არ არის ჩვენნაირი, როცა სხვაში ვხედავთ ასეთ თვისებას არ მოგვწონს, ჩვენ რატომ უნდა მოვიქცეთ ასე?! შენ გინდა, რომ ყველა შენნაირი იყოს, მაგრამ შენ როგორი ხარ? გაქვს ამაზე პასუხი? ხშირად ადამიანების აღსარებების ემსგავსება სხვაზე ჩივილს, ეს არის მკრეხელობა და მოძღვარმაც იქვე უნდა აგიხსნას და გასწავლოს.
თუ გჯერათ ღმერთის და გწამთ, მაშინ ისიც უნდა გწამდეთ, რომ ეს არის უზენაესი სამართალი, უზენაესი სიყვარული, უზენაესი შემწყნარებლობა, ყოველგვარი სიკეთე მასშია”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.