ის, რაც გამოსჭვივის დღეს დროში განვრცობილი მოვლენებიდან, ეს არის უტეხი ხასიათი ახალ დროში დაბადებული თაობისა. თაობათა შორის ყოველთვის იყო ერთგვარი დაპირისპირება, განსხვავება, მაგრამ ნურავინ ეცდება ჩაახშოს ახალ თაობაში თავისუფლების სულისკვეთება. ნუ გამოუტანთ განაჩენს შვილებს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისივე თქმით, სიცოცხლისა და თავისუფლების სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება.
“მავანი იტყვის, რომ მტკივა, რომ მძიმე ყოფაში ვარ, როგორ ვუთხრა მადლობა ღმერთს ამისთვის. ყველა ადამიანი ეძებს სიხარულს, ბედნიერებას, მაგრამ ადამიანის ცხოვრება აბსოლუტურად დალხინებული არასდროს არ არის წუთისოფელში. ჩვენ მგზავრები ვართ და შესაბამისად, ამ გზაზე ათასი რამ გვხვდება განსაცდელები. არცთუ იშვიათად, ადამიანისთვის მის წარმოდგენაში არსებული კეთილდღეობა უფრო მეტი განსაცდელი შეიძლება აღმოჩნდეს, დიდი ქონება შეიძლება დიდი განსაცდელი აღმოჩნდეს, თანამდებობრივი მდგომარეობა შეიძლება განსაცდელი აღმოჩნდეს, ადამიანი მარტო ღვინით არ თვრება, თანამდებობითაც თვრება, თავისი განსაკუთრებული უნარებითაც თვრება, როცა შეეპარება მაცდუნებელი განცდა, რომ ის სხვაზე უფრო მაგარია, ზემოდან უწყებს სხვა ადამიანებს ყურებას, ყველაზე მნიშვნელოვანი სამკაული ადამიანისთვის არის თავმდაბლობა და უბრალოება, რითაც ღვთის წინაშე შეიძლება მოიწონო თავი.
მადლობა ღმერთს ყოველივესთვის. ღმერთს უმადური კაცის არც შესაწირი უნდა, არც აშენებული ტაძრები, ღმერთს სჭირდება ადამიანის გული, რომელიც მადლიერებით იქნება აღსავსე. მადლიერება არის ყველაზე ძვირფასი სამკაული და ყველაზე ნიშნეული ღმერთის წინაშე, ვინ ხარ და რას წარმოადგენ.
უნდა მოვისმინოთ ერთმანეთის, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი შეიძლება გვქონდეს, სხვა შემთხვევაში, როგორი ქრისტიანები ვართ, როცა ერთმანეთის მოსმენა არ შეგვიძლია. პირჯვარს ვიწერთ, მაგრამ ამას ცოცხალი რწმენა უნდა ახლდეს.
ის, რაც გამოსჭვივის დღეს დროში განვრცობილი მოვლენებიდან, ეს არის უტეხი ხასიათი ახალ დროში დაბადებული თაობისა. თაობათა შორის ყოველთვის იყო ერთგვარი დაპირისპირება, განსხვავება, მაგრამ ნურავინ ეცდება ჩაახშოს ახალ თაობაში თავისუფლების სულისკვეთება. ნუ გამოუტანთ განაჩენს შვილებს, ეს არის დაპირისპირება გუშინდელს და ხვალინდელ დღეს შორის. ადამიანი, რომელიც გამოქვაბულშია და იქიდან გამოგყავს, უჭირს მას, მაგრამ ნათელს რომ იხილავს, მას გამოქვაბულში ვეღარ დააბრუნებ. როგორც მოციქული ამბობს, ჩვენ ვართ ნათლის შვილები და ნათლის შვილებს სწორედ სინათლისკენ სიარული გვევალება.
ჩვენი სამშობლო ისეთი იქნება, როგორადაც ჩვენ მას შევქმნით. ახლოვდება ქრისტესშობის დღესასწაული, ვლოცულობთ, ვმარხულობთ, მაგრამ ადამიანებს თუ მომავალი არ ექნება, რა ფასი აქვს მის ცხოვრებას, მომავალი კი ახალი თაობით ფასობს, მოდით ვიზრუნოთ ამაზე, ვიზრუნოთ სულიერად და ფიზიკურად.
არავინ არის უცოდველი, არავითარი სტატუსი უცოდველობას და შეუცდომლობას არ განიჭებს, ამიტომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, ყური დავუგდოთ ერთმანეთის გულის ცემას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
მისივე თქმით, შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესიამ სწორედ 25 დეკემბერს დააწესა ქრისტესშობის დღესასწაული.
“ეს არის თარიღი, როდესაც დღის ხანგრძლივობა იზრდება, მეტი სინათლე შემოდის, ეს სულიერიც არის, სიმბოლურიც არის, დიდი მისტიკაც არის, რომ ქრისტესთან ერთად სინათლე შემოდის სამყაროში და ჩვენ, რადგან ვართ სინათლის შვილები, ვეცადოთ მყარად დავდგეთ სინათლეში, მივიღოთ უფლის სიტყვა და აღვასრულოთ. სიცოცხლისა და თავისუფლების სულისკვეთებას წინ ვერაფერი დაუდგება”, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.