თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მეუფის თქმით, იწყება დიდი მარხვის მზადების პერიოდი და მნიშვნელოვანი სამზადისი არის, რომ ადამიანები შეიმოსონ სინანულის შესამოსელით, რათა გულს დაეუფლოს ცოდვების განცდა.
“უფალი ყოველი ადამიანის გულის კარს უკაკუნებს და შენზეა დამოკიდებული – ამ გულის კარს გახსნი, თუ არ გახსნი. ჩვენც დავდივართ ეკლესიაში, მაგრამ გავარჩიოთ – ვინ არის მრევლი, ვინ მომსვლელი და ვინ – გამსვლელი, ვინ სად ხედავს თავის თავს და ვის რა დამოკიდებულება აქვს ღვთის ტაძრისადმი, აქედან გამომდინარეობს, ვინ რა პასუხისმგებლობას გრძნობს, ანუ, საკმარისი არ არის, ფარისეველივით ვიფიქროთ, რომ მე არ ვარ ასეთი ცოდვილი და შენი თავი ვიღაცას შეადარო მეტობის პრინციპით, რომ ვიღაცაზე მეტი ხარ, რომ ყოველ კვირა წირვაზე დადიხარ – არ არის ეს საკმარისი. თუ თქვენი სიმართლე არ აღემატება მწიგნობართა და ფარისეველთა სიმართლეს, ვერ შეხვალ ცათა სასუფეველში. შევეცადოთ, უკეთესად გავიცნოთ ჩვენი თავი და ამის ერთადერთი გზა არსებობს, რომ უკეთესად გავიცნოთ ქრისტე, უფლისმიერი სინათლის შუქზე შეხედო საკუთარ თავს. მხოლოდ სულიერი სინათლის შუქზე გამოჩნდება გზა, რომელიც მიგიყვანს ტაძრამდე. ცხონების თემა დამოკიდებულია იმაზე, გულის კარი გაუღე თუ არა ღმერთს, რომელიც აკაკუნებს.
თვისება – ფარისევლური თავდაჯერებულობა ძალიან ღრმად არის შემოჭრილი ჩვენს ცხოვრებაში, ამას სჭირდება დაძლევა. დავით მეფსალმუნესთან ვკითხულობთ – “ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს და თავმდაბალთა მოსის მადლს “. სინანული შეუძლებელია, გაჩნდეს იქ, სადაც არის ამპარტავნება, მედიდური წარმოდგენები საკუთარ თავზე, სადაც ადამიანი ფიქრობს, რომ სხვაზე წმინდაა, არადა ღვთის წინაშე ყველანი ცოდვებში ვართ, ამის აღიარება გიჭირს ადამიანს, მაგრამ ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა, რადგან მხოლოდ სინანულის ცრემლს შეუძლია, წარხოცოს ყოველი უკეთურობა, რომელიც შენს სულს ამძიმებს, ადამიანის აზროვნებას, სულს ბორკილებში აქცევს. იწყება დიდი მარხვის მზადების პერიოდი, მნიშვნელოვანი სამზადისი არის, რომ შევიმოსოთ სინანულის შესამოსელი, რათა ჩვენს გულს დაეუფლოს განცდა თვისთა ცოდვათა”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.