ფიცს ასრულება უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ფიცს დებ, რის გავლენების ქვეშ, ამპარტავნების გავლენის ქვეშ? შენი მოჩვენებითი განსაკუთრებულობის ქვეშ, როცა თავი რაღაც გგონია? მიწა ხარ და მტვერი, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, მძიმე იქნება ხვედრი ყოველი ადამიანისა, ვინც თავის თავს სიცრუეს დაუკავშირებს, ვინც ცოდვაში ცხოვრებას გააგრძელებს.
“ჭეშმარიტება ღმერთია. რა უნდა შეცვალოს ადამიანმა, რომ რეალურად დაუახლოვდეს ღმერთს? თავის თავს დაუახლოვდეს? – ცხოვრების ორიენტირად ღმერთი უნდა გაიხადოს, რომელიც მის გონებაში სიფხიზლეს შეიტანს. სიმართლეს, როცა გაურბის ადამიანი, ის ეშმაკის მახეში ებმება, სადაც სიკეთე ნაკლებად არის.
მე მინდა, თრობაზე გავამახვილო ყურადღება, როცა ადამიანი ნარკოტიკით, ღვინით, ან დათვრება გარემოთი, როცა ყველა მის ფეხქვეშ ეფინება, როცა მისი თანამდებობრივი თუ სხვა გავლენების გამო, მას დიდებულ სიტყვებს შეასხამენ და ლამის, იმ გარემოებამდე მიდის, რომ თავი ღმერთი ეგონოს, კარგავს სიფხიზლეს.
იმისათვის, რომ შენ იმ რეალობაში დარჩე, იმ სიფხიზლეში იცხოვრო, რაც ღვთის კურთხევითაა და მის საფარველ ქვეშ არის, საჭიროა, რომ სიფხიზლე შეინარჩუნო, უნდა ილოცო. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ გულს ვერ უდებს ლოცვას, დრო არ აქვს – არა უშავს, შენ დაიწყე ლოცვა.
ფიცს ასრულება უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რა ფიცს დებ, რის გავლენების ქვეშ, ამპარტავნების გავლენის ქვეშ? შენი მოჩვენებითი განსაკუთრებულობის ქვეშ, როცა თავი რაღაც გგონია? მიწა ხარ და მტვერი.
თუ სიმართლეში ცხოვრობ, თუ წმინდა წერილს კითხულობ, ლოცულობ – ძნელი იქნება შენი მოტყუება და საერთოდ, სიტყვას საოცარი ძალა აქვს. სიტყვას შეუძლია, გააცოცხლოს, მკვდარი აღადგინოს და ეს არის სიტყვა მადლიანი და სიტყვას შეუძლია, ცოცხალი მოკლას, ჯანსაღი და საღ-სალამათი დააავადმყოფოს.
მძიმე იქნება ხვედრი ყოველი ადამიანისა, ვინც თავის თავს სიცრუეს დაუკავშირებს, ვინც ცოდვაში ცხოვრებას გააგრძელებს. ვისაც უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.