როცა ადამიანი მეორე ადამიანზე ილაშქრებს, შიშის მაჩვენებელია, როგორც ჩანს, ძალიან სუსტები ვართ რწმენაში და ვეღარ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, ბაგეს, ქმედებას, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
“არჩევანი ღვთის დიდი წყალობა და საჩუქარია, თავისუფლების ერთ-ერთი გამოხატული ნიშანია, პრობლემა მდგომარეობა არასწორ არჩევანში. ყველა ადამიანს აქვს ღირებულებები, რომლის წინაშეც ის თავის თავს მოიწესრიგებს, გარკვეულ ფორმაში მოდის. ამ ღირებულებებში, რომელიც ადამიანის ცხოვრებას საფუძვლად ექმნება, გარკვეული პრიორიტეტები არსებობს. ადამიანმა არ შეიძლება მარადიული ანაცვალოს დროებითს და წარმავალს, სულიერი ანაცვალოს მატერიალურს, ყოველდღიურად ბევრი რამ გვჭირდება, მაგრამ უპირველესი უნდა იყოს რწმენა ადამიანისა.
ყოველი ადამიანი მოკვდავია, არაერთხელ გვითქვამს, წუთისოფლის მგზავრები ვართ, მოგვიწევს დატოვება, იმიტომ, რომ ჩვენ გზაში ვართ, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნავსაყუდელში, სადაც ჩვენი ბინა და ზეციური, სულიერი სამშობლოა. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ არ აგვერიოს ფასეულობები ერთმანეთში ისე, რომ საუკუნო სიკვდილით არ მოკვდეს ადამიანი, არამედ საუკუნო სიცოცხლე დაიმკვიდრო და სწორედ ამით არის ფასეული ჩვენი რწმენა.
ღმერთია სულია და ეს სული განფენილია მთელ სამყაროში, შენ თავისუფალი ნება გაქვს მონიჭებული და უნდა გახსნა გულის კარი, რომ მისცე თავშესაფარი შენში და შეეცადო, რომ ნება ღვთისა, გაიხადო საკუთარ ნებად და არ დაუპირისპირდე მას.
უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი რწმენა ჩვენი ქმედებით, ცხოვრების წესით წარმოვაჩინოთ ადამიანებთან, ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან, თანამემამულეებთან ურთიერთობაში. ყოველი ადამიანი თავის ქმედებაზეა პასუხისმგებელი, ვერავინ გავექცევით პასუხისმგებლობას, მხოლოდ ერთი გზა გვაქვს, თუ რამ შეგვეშლება ვითხოვოთ შენდობა უფლისგან.
იმაზე ნუ ვიფიქრებთ ღმერთი სხვას რატომ სწყალობს, რატომ უშვებს, რომ ამ ქვეყანაზე დადიოდნენ, რომლებიც არ არიან ჩვენნაირები, განსხვავებულები არიან თავისი აზრით, თავისი ქმედებით, შეგნებით, ყველა ადამიანს თავის დრო და ჟამი აქვს, მაგრამ უფალთან მისასვლელ გზას ვერავინ ასცდება. უნდა ვილოცოთ, ერთმანეთს ძალით ვერ ვაცხოვნებთ, ვერც მუქარით, ვერც ძალადობით, ამის გარეშე ქრისტიანობის გააზრება შეუძლებელია, რადგან ძალადობაზე დაფუძნებული ქრისტიანული აზროვნება დაცლილია ქრისტესგან.
როცა ადამიანი მეორე ადამიანზე ილაშქრებს, შიშის მაჩვენებელია, როგორც ჩანს, ძალიან სუსტები ვართ რწმენაში და ვეღარ ვაკონტროლებთ საკუთარ თავს, ბაგეს, ქმედებას და მერე ისეთ რამეს ჩავდივართ, რომლითაც შეიძლება საკუთარ თავსაც ზიანი მივაყენოთ, საკუთარ ეროვნულ სხეულსაც, ისტორიას”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.