შაბათს არჩევნებია, სამყარო და შენ ირგვლივ არსებული ვითარება რომ შეცვალო, შენი თავით უნდა დაიწყო. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, თითოეულმა თავისი საკეთებელი უნდა გააკეთოს, მაგრამ ღმერთი არ უნდა დავივიწყოთ, არ დავკარგოთ თავი. თავს თუ დაკარგავ, ყველაფერს დაკარგავ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ქადაგებისას განაცხადა.
მისივე თქმით, ღმერთი სიყვარულია და ადამიანი თუ ამ სიყვარულს კარს მიუხურავს, ის თავის თავს განაყენებს საღვთო მადლისგან.
“ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვის მიერ შეიქმნა სამყარო, ვინ შთაბერა პირველ ადამიანს სიცოცხლის სული. ღმერთმა ისე შეიყვარა ადამიანი, რომ თავისი ძე, მხოლოდშობილი მისცა თავისი გადარჩენისთვის. გადარჩენა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი, რომელიც სიცოცხლისთვის შეიქმნა, სიკვდილის ლუკმა არ გახდეს. ეს ნუგეშია თითოეული მორწმუნისთვის, ეს ნდობა არასდროს გაგვიმტყუვნდება თუ ამ რწმენაში მტკიცენი ვიქნებით. შეიძლება, დრო დადგეს და დამძიმდეს ეს გზა, მაგრამ ამან უარი არ უნდა გვათქმევინოს საუკუნო სიცოცხლეზე, უფალზე.
შეიძლება, ადამიანი ქრისტიანი იყოს, ეკლესიურადაც ცხოვრობდეს, მაგრამ იქცეოდეს, როგორც კერპთაყვანისმცემელი. იოანე მახარებელი გვეუბნება – “ღმერთი სიყვარული არსო”. მთავარი და მნიშვნელოვანია, ადამიანს ახსოვდეს, რომ ღმერთი სიყვარულია და თუ სიყვარულს კარს გამოუხურავს, ის ღმერთს უკეტავს კარს, ანუ, თავის თავს განაყენებს საღვთო მადლისგან. სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი. ყოველივე ის, რაც აღემატება ღმერთის მიმართ შენს დამოკიდებულებას, იმას შენ კერპად აქცევ, ამიტომ კარგად უნდა დავუფიქრდეთ ჩვენს ქმედებას. გონიერ არსებას უგუნურობა არ შეშვენის.
შაბათს არჩევნებია, სამყარო და შენ ირგვლივ არსებული ვითარება რომ შეცვალო, შენი თავით უნდა დაიწყო. სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, თითოეულმა თავისი საკეთებელი უნდა გააკეთოს, მაგრამ ღმერთი არ უნდა დავივიწყოთ, არ დავკარგოთ თავი. თავს თუ დაკარგავ, ყველაფერს დაკარგავ”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.