წუთისოფელში ყოველთვის იყო და იქნება განსაცდელი, ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში თუნდაც იყო უკეთესი, უფრო წარმატებული, მაგრამ პრობლემა ადამიანის წინაშე ყოველთვის იქნება და ყველაზე მძიმე და გაუსაძლისი არის სულიერი პრობლემა, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე გრიგოლის თქმით, განვითარების და დროის მსვლელობის მიუხედავად, პრობლემები ღმერთთან ურთიერთობაში ისეთივე პრობლემური რჩება.
“ისედაც მცირე დროს ვატარებთ ტაძარში და მაშინაც გაფანტული დგახართ, მაშინაც შენი გონება სხვაგან ქრის, ეს პირდაპირ აღიბეჭდება ჩვენს ცხოვრებაზე, როცა შეგვიძლია ვიცოდეთ და არ ვიცით, ასე არცოდნა ადამიანს არ ეპატიება. არ მოვიტყოთ თავი, რომ არცოდნა არცოდვააო. როდესაც ქრისტიანობა მოვიდა ჩვენს ქვეყანაში, ბნელში ვიყავით, ეს იყო პერიოდი, როდესაც ადამიანები უსულო კერპებს ემსახურებოდნენ და მათ ადამიანებს სწირავდნენ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ რამხელა საშინელება და სიბნელეა, რომ ცოცხალ ადამიანს მსხვერპლად სწირავდე.
მიდის დრო და ჟამი, იცვლება ბევრი რამ, მაგრამ სულიერი პრობლემები ღმერთთან ურთიერთობაში ისეთივე პრობლემური რჩება. კი მივესალმებით განვითარებას, პროგრესს, მაგრამ ეს ადამიანს სულით მშვენიერის ვერ გაგხდის, სულის სიმშვიდე სხვა ვითარებაში მოდის, ღმერთთან თანხმობაში მოდის და ეს მჟღავნდება ადამიანებთან ურთიერთობაში.
შეიწყნარეთ ერთმანეთი სიყვარულში, ეცადეთ შეინარჩუნოთ სულის ერთობა, მშვიდობა ის ფენომენია, რომლითაც შეგიძლია ბორკილები დაადო იმ გამოვლინებებს, იმ სისუსტეებს, რომელიც ადამიანში არის. ღმერთმა ყველა დააჯილდოვა მადლით, მაგრამ სხვადასხვა ნიჭებშია ეს მადლი გამოხატული.
წუთისოფელში ყოველთვის იყო და იქნება განსაცდელი, ჩვენ ვფიქრობთ და გვინდა, რომ ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში თუნდაც იყო უკეთესი, უფრო წარმატებული, მაგრამ პრობლემა ადამიანის წინაშე ყოველთვის იქნება და ყველაზე მძიმე და გაუსაძლისი არის სულიერი პრობლემა. ცეცხლი არაფერია იმასთან შედარებით, რა საშინელი ტანჯვაც არის სულისგან ღმერთის განშორება, შეიძლება ადამიანი აქვე იყოს და უკვე ჯოჯოხეთში იყოს ისეთი სულიერი მდგომარეობა ჰქონდეს. სულ იყოს განკითხვაში, უმადურობა, უკმაყოფილებაში.
ვეცადოთ, რომ შვილები ქრისტიანულ რწმენაში გავზარდოთ, ვეცადოთ, რომ რწმენის მაგალითი მივცეთ ჩვენ შვილებს, როცა შვილებისთვის ვერ იცლიან, იქ ეშმაკს არ სძინავს, ჩაავლებს ხელს და გაიყოლებს და მერე ძალიან ძნელია გამოსტაცო ეშმაკს ადამიანის სული, ამიტომ გავფრთხილდეთ, უფალთან ვიყოთ და უფალში ვიყოთ. თითოეულ ადამიანს თავისი პერსონალური შეხვედრა ელის უფალთან და ამაზე ვიფიქროთ, ეს შეხვედრა ვისთვის სიხარულის მომნიჭებელი შეიძლება იყოს და ვისთვის იმ ტკივილის და განსაცდელისა, რომელსაც ვერაფერს ვერ შეადარებს თავისი სიმძაფრით”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.