თუ გინდა წარმატებული იყო, მსახური უნდა იყო და არა ის, რომ ყველაფერი იცი და შეგიძლია ხალხის ბედი გადაწყვიტო, ეს გამოვლილი გვაქვს უკვე, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
“ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის რწმენაზე, მონდომებაზე, ძალისხმევაზე. ჩვენ სხვის ცოდვებზე ვლაპარაკობთ ხოლმე, სხვის ქმედებებს ვაკვირდებით ლამის გამადიდებელი შუშით, გახსენდება ის გამოთქმა – “საკუთარ თვალში დირეს ვერ ხედავს ადამიანი და სხვის თვალში ნამცეცს ეძებსო”. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეს თემა.
მძიმე მარხვის პერიოდია და ჩვენ მოწოდებული ვართ ვიფიქროთ, ჩვენი სულის განწმენდაზე, რომ მთელი შინაგანი არსებით სინანული განვიცადოთ ჩვენ ცოდვების გამო. ძალიან მძიმე ცოდვებია ადამიანის ცხოვრებაში, რომელიც შეიძლება არ იყოს დაკავშირებული მრუშობასთან, სიძვასთან, მაგრამ ძალიან მძიმე იყოს იმით, რომ სხვებსაც აზიანებდეს. როცა ადამიანი არ აკონტროლებს თავის სიტყვას, აზრს არ მიატანს რას ამბობს და მისმა სიტყვამ რა შედეგი შეიძლება გამოიღოს და მითუმეტეს, ქმედება. ვისი ცოდვა მეტია და ვისი ნაკლები, ჩვენ ნუ დავიწყებთ გაზომვას და აწონვას. შეიძლება ყველაფერს ასრულებდე, მაგრამ შორს იყო ღმერთისგან, რწმენისგან. ღმერთზე წინ არავინ დააყენო არასდროს. რაც უკეთ გაიცნობ ღმერთს, უკეთ გაიცნობ საკუთარ თავს და უკეთ ააწყობ ურთიერთობას ადამიანებთან. უმთავრესი რამ არის ადამიანებისთვის ღმერთთან ურთიერთობა და ადამიანებთან, ეს არის ღერძი მთავარი სამყაროში სიცოცხლის არსებობისა.
თუ გინდა წარმატებული იყო, მსახური უნდა იყო და არა ის, რომ ყველაფერი იცი და შეგიძლია ხალხის ბედი გადაწყვიტო, ეს გამოვლილი გვაქვს უკვე. უფალი მართავს სამყაროს და რაც უფრო მეტად გახსნი გულს ღმერთისთვის, რაც უფრო მეტად იქნება შენში რწმენა და სიყვარული, მით მეტად გაუხსნი გზას უფალს, რომ შენი ცხოვრება მართოს, მით მეტად შეინარჩუნებ სიფხიზლეს, რომ არ დაგათროს ძალაუფლებამ, იმიტომ, რომ ძალაუფლებით დამთვრალი დიდ ზიანს აყენებს თავის თავსაც, ხალხსაც, ქვეყანასაც.
ადამიანს შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს, რაც კი შეიძლება ამ წუთისოფელში ინატროს – უფლებრივი, ყოფითი, მაგრამ მაინც უბედური იყოს, ბედნიერება მოაქვს ღვთის მადლს და ვილოცოთ, რომ სული წმინდა მოვიდეს ჩვენზე”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.