თუ ქრისტეში დამკვიდრება გსურს, განემზადე იმისთვის, რომ შენ დევნილი იქნები, შენ შეურაცხყოფილი იქნები, – ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მისი თქმით, წუთისოფლისთვის ქრისტე ყოველთვის მიუღებელი იყო, რადგან წუთისოფელი მოკლევადიან სიხარულს და სილამაზეს ეძებს და არა მარადიულს.
“თუ ქრისტეში დამკვიდრება გსურს, განემზადე იმისათვის, რომ შენ დევნილი იქნები, შენ შეურაცხყოფილი იქნები. ეს იმიტომ ხდება, რომ წუთისოფლისთვის ქრისტე მიუღებელი იყო ყოველთვის. მიუღებელი იყო გუშინ, დღეს და მიუღებელი იქნება წუთისოფლისთვის ხვალაც და ზეგაც. რატომ ხდება ეს?! იმიტომ, რომ წუთისოფელი წარმავალი და დროებითია. ის მოკლევადიან სიხარულს, მოკლევადიან განცხრომას ეძებს და ყოველივე სილამაზე, რასაც ჩვენ ვეტრფით წუთისოფელში – დროებითი, წარმავალი, ჭკნობადი, ლპობადი და ხრწნადია. ხოლო ის, რასაც იესო ქრისტე გვთავაზობს, უბერებელი და უჭკნობია. ეს წარუვალი სიკეთეა. ანუ, ეს არის ფუნდამენტი ადამიანის მარადიულ ცხოვრებაში დამკვიდრებისა – ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი – ეს არის ქრისტეს ეკლესია და ყოველი, ვინც უფალთან მოვა, ვინც ეკლესიის წევრი ხდება ამ ერთსულოვნებას უერთდება და ერთი სამწყსო ხდება. თუმცა ცხოვრებას თავისი სირთულეები ახლავს და არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი ქრისტეს მოღვაწეთა ცხოვრება. ძალიან მძიმე განსაცდელების გადალახვა უხდებოდათ მათ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა გრიგოლმა.