თუ სამყაროს ინახავს ღმერთი, ინახავს მართალი ადამიანების გამო, რომლებიც არიან სამყაროში, მცირედი არიან, მაგრამ არიან, – ამის შესახებ ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა.
მეუფე გრიგოლის თქმით, პრობლემები თავისით არ გვარდება და ნებისმიერი პრობლემის თავში შინაგანი მდგომარეობა დგას.
“ადამიანი მარადიულობისთვის არის შექმნილი, ის სიკვდილისათვის არ არის გაჩენილი, ამიტომ მარადიულობაში დამკვიდრება სწორად უნდა ვეძებოთ, ეს ცხოვრება რაც არ უნდა ბრწყინვალედ განვლოს კაცმა, ბოლოს მაინც საფლავის კარს მიადგება, გარდაუვალია. ჩვენ გვწამს და გვჯერა, რომ ცხოვრება ადამიანისა, დაუსრულებელია.
ქრისტეს შემეცნების გზა ჯვარზე გადის, გოლგოთაზე გადის. ქრისტესთან მიჰყავხარ შინაგან ძიების გზას, ამაში ბევრი რამ გეხმარება, მაგრამ ამის გარეშე ვერ მიხვალ. ვიღაც იტყვის, რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია გულში გწამდეს, ასეთი ფიქრებით და აზრებით წმინდა მოწამეთა ღვაწლის უარყოფამდე მივალთ. ადამიანს, რომელსაც უნდა ერთგულება შეინახოს ჯვარცმის მიმართ, ჯვრის მიმართ, წამების გზის გავლა უწევს. ეს არის შინაგანი მოწამეობის გზა. ცხოვრებაში თავისი რწმენის გამო არცთუ ისე იშვიათად არჩევანის წინაშე დგება. ჩვენს ქმედებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი გარეგნული ქმედება არის შინაგანის გამოხატულება.
თუ სამყაროს ინახავს ღმერთი, ინახავს მართალი ადამიანების გამო, რომლებიც არიან სამყაროში, მცირედი არიან, მაგრამ არიან”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი სოხუმის დაცემის 31-ე წლისთავსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ არსებობს გამზადებული რეცეპტი როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა.
“27 სექტემბერს მოხდა სოხუმის დაცემა. დღეს ჩვენ გამორჩეულ პატივს მივაგებთ იმ ადამიანებს, ვინც ამ ტრაგედიას შეეწირა. ძალიან ბევრი გულმართალი ადამიანი, ძალიან ბევრი მშვიდობის მოყვარე ადამიანი. წლები გადის და დღემდე გამზადებული რეცეპტი არ არსებობს, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადალახვა. მაშინაც კი, როცა ორმხრივად არის ეს განწყობა, დრო არის საჭირო და აი, აქ პასუხი არ არსებობს, რამდენი დროა საჭირო. თავისით ეს პრობლემები არ გვარდება. ნებისმიერი პრობლემის თავში დგას ჩვენი შინაგანი მდგომარეობა.
ძალიან რთული გზით მივდივართ, ვინც რა საქმეს აკეთებს, უნდა იყოს იმ საქმეში ძლიერი, ერთგული და დატვირთული პასუხისმგებლობით. ენას ძვალი არ აქვს, თუ მიუშვებ თავის ნებაზე, ის ილაპარაკებს და იმის უკან პასუხისმგებლობა ნულის ტოლფასი იქნება და ვინ აგებს პასუხს, როცა ჩვენ შეიძლება ერთმანეთს ბევრი რამ დავპირდეთ?! მაგრამ ტყუილი ვიღაცისთვის პროფესიად გამხდარა, ახლა ჩვენ რაზე ვსაუბრობთ ჯვრის წინაშე რომ ვდგავართ? – სიმართლის შესახებ. ვისაც უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი. შევიყვაროთ სიმართლე, წუთისოფლიდან მომავალ ცხოვრებაში ვერ წავიღებთ რაიმე სახმარს, როგორც მოხვედი დედიშობილა, ისე წარდგები ღვთის წინაშე. რითაც მოგიწევს წარდგომა, ეს არის ის, თუ როგორ გიცხოვრია. როგორ გამოხატავდი შენს რწმენას ქრისტესადმი, როგორი იყო შენი სულიერი და მორალური კატეგორიები, რომლითაც ცხოვრობდი. საღი აზროვნება სჭირდება ადამიანს აუცილებლად, თუ მორწმუნეები ვართ, ნურავის ვაფიქრებინებთ, რომ ბრიყვები ვართ. მორწმუნეს ცოდნა სჭირდება, აზროვნება და საღი აზრი მოეთხოვება, მაგრამ ყველაზე დიდი ცოდნა ღმერთია”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.