ჩვენ ვხედავთ, როგორ ნავარდობს ბოროტება, უსამართლობა, ცილისწამება, ჩაგვრა, ეს ყველაფერი ღირებულებათა დაკნინებას და გაუფასურებაზე მეტყველებს, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა.
მეუფის თქმით, ადამიანი სულიერად მუდამ მარხვასა და თავშეკავებაში უნდა იყოს.
“თუ ჩვენ არ ჩავწვდით იმ ღირებულებათა შინაარსს, რაც ღვთისშვილს წარმოაჩენს, შეუძლებელი იქნება, წმინდად შეინახო და დაიცვა თავი.
ჩვენ ვხედავთ, როგორ ნავარდობს ბოროტება, უსამართლობა, ცილისწამება, ჩაგვრა – ეს ყველაფერი ღირებულებათა დაკნინებას და გაუფასურებაზე მეტყველებს. თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ ჩვენი თავი ქრისტეში, რწმენაში, ვერ გავუძლებთ დროის გამოწვევებს, ვერ გავუძლებთ დროის გამოცდას.
ადამიანი სულიერად მუდამ მარხვაში უნდა იყოს, თავშეკავებაში უნდა იყოს.
ღმერთი სიყვარულია, ღმერთი სინათლეა, ღმერთთან ნაზიარები ადამიანი სხვა ადამიანისთვისაც გზის მაჩვენებელია. “შენ თუ ცხონდები, შენს ირგვლივ ათასები ცხონდებიანო”. არიან უმადური შვილები, მაგრამ არიან შვილები, რომლებიც მადლიერებას გამოხატავენ იმით, რომ სიკეთეში მკვიდრდებიან და მშობლების მიმართ პატივისცემას და სიყვარულს ინარჩუნებენ. ღმერთმა დაგილოცოთ გული, ღმერთმა დაგილოცოთ რწმენა”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.