ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა საკვირაო ქადაგებისას შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
მეუფე გრიგოლმა ასევე, დალოცა ის ადამიანები, ვინც სტიქიას ცოცხალი გადაურჩა.
“აუცილებლად უნდა შევეხოთ იმ მოვლენას, რომელიც ორიოდე დღის წინ რაჭაში განვითარდა, ამ ტრაგედიამ გვაჩვენა, რომ არის შემთხვევები, რომლის წინაშე ადამიანური უძლურია. ეს ხშირად ხდება სამყაროში, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში, როდესაც ასეულობით ადამიანური იღუპება, რომ აღარაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ ნორმალური ცხოვრების პარალიზება ხდება, ნგრევა, განადგურება, ადამიანის საცხოვრებელი პირობების, მატერიალური ღირებულებების მოსპობა, ინფრასტრუქტურის განადგურება. და მაინც, ყველაფერს ეშველება, არ ეშველება ადამიანს, რომელიც ემსხვერპლა სტიქიურ უბედურებას და იმ დიდ ტკივილს, რომელიც ოჯახებში შევიდა. ამ დიდ ტკივილს შეიძლება ვუწამლოთ ჩვენი თანაგრძნობით, სულიერი თანადგომით, თითოეული ქრისტიანის ლოცვით. ჩვენ ასევე, ვლოცულობთ მათი ოჯახებისთვის, რათა ღმერთმა შეაძლებინოთ გაუმკლავდნენ ამ უმძიმეს განსაცდელს.
როცა ადამიანი ოჯახის წევრს კარგავს, ისეთი დიდია ხოლმე განცდა, რომ სიცოცხლის აზრს ვეღარ ხედავს, ისე მძიმედ ჩამოაწვება ხოლმე გონებას ეს ტკივილი, რომ მომავლისკენ ხედვას უბინდავს. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ის ადამიანები, ვისაც უშუალოდ ესტუმრა ოჯახში ეს განსაცდელი, თუმცა ყველა ჭირისუფალი ვართ.
განსაკუთრებით მინდა დავლოცო ის ადამიანები, ვინც ამ საოცარი სტიქიიდან ცოცხლები გამოვიდნენ, როცა არავითარი იმედი აღარ ჰქონდათ, რომ გადარჩებოდნენ და მაინც რაღაცას ეჭიდებოდნენ, ეს იყო ღმერთის შემწეობა. ეს მართლა სასწაულია და იმ ადამიანების სიმამაცე, რომლებიც ამ ვითარებაში რაც შეეძლოთ ეხმარებოდნენ განსაცდელში მყოფთ. ღმერთმა დალოცოს ისინი, ღმერთმა ნათელში დაამკვიდროს გარდაცვლილთა სულები.
იმედი ვიქონიოთ, რომ ეს არ განმეორდება, მაგრამ ჩვენი იმედები სერიოზულ აზროვნებაზე და მსჯელობაზე დავაფუძნოთ. სტიქიური უბედურებები იყო და იქნება, მეცნიერებები იძიებენ გზებს და საშუალებებს, რომ გამოიცნონ სტიქიური უბედურებების განვითარების ერთგვარი გზა, რომ წინასწარ მოხდეს თავდაცვა, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც არანაირი პროგნოზი არ მუშაობს და ეს არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ამიტომ გვმართებს მუდმივად მცდელობა, რომ უფლის თვალსაწიერში ვიყოთ, ვეცადოთ, არ მივეფაროთ უფლის თვალს. უფლის თვალისგან დამალვა შეუძლებელია რა თქმა უნდა, შენ ცდილობ, რომ გაექცე, დაემალო მის მცნებებს, თავი აარიდო იმ გოლგოთას, რომელიც ნიშნავს შენს დიდ ძალისხმევას, რომ მოწოდების სიმაღლეზე იყო, რომ უფლის სიტყვას ზურგი არ შეაქციო, არამედ თვალი გაუსწორო.
კიდევ ერთხელ სამძიმარს გამოვხატავ იმ ოჯახების მიმართ, რომლებიც ამ მძიმე ტკივილების ეპიცენტრში აღმოჩნდა”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.