მე დიდი იმედი მაქვს, რომ უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ, – ამის შესახებ კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
“უფრო და უფრო სუსტად მეჩვენება, დაახლოებით 2 თვის წინ ჯერ კიდევ ფეხზე იდგა ხოლმე და ჩვეულებრივად მხვდებოდა. ახლა წევს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ უცხოეთში გადაიყვანენ სამკურნალოდ“, – განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის ლოცვა- კურთხევით დადის.
“სასულიერო პირი, რომელიც მასთან შემოდის, მე მგონი, მხოლოდ მე ვარ. მე პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ვარ აქ, ოღონდ მე ერთხელ მივიღე ეს შენიშვნა, ლოცვა-კურთხევა მაქვს ლაპარაკზე კი არა, ლოცვა-კურთხევა მაქვს მოქმედებებზე. ამიტომ ნაკლებად ვლაპარაკობ და შედარებით ვცდილობ, რომ ჩუმად, უსიტყვოდ ვიმოქმედო. ჩემი მოქმედება არის მასთან კონტაქტი, მისი გამხნევება და ლოცვა მისი ჯანმრთელობისათვის“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.