იგი ეზიარა ღირსეულად, ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისათვის, გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და დავივიწყოთ სიძულვილის ენა, თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა რუსთავის მე-12 ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“დღეს არის ისტორიული დღე, მე ვიყავი ახლა საპყრობილეში, მოვინახულე საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მან მიიღო წმინდა ზიარება, მე ვაზიარე ის ქრისტეს სისხლსა და ხორცს, მე მინდა, ამ მოვლენის შეფასება გავაკეთო, ეს არის სულ პატარა ნამცეცი, რომელის არის ქრისტეს ხორცი გაჟღენთილი ქრისტეს სისხლით. რატომ ვთვლი, რომ დღეს არის ისტორიული დღე, მასზე ხშირად ამბობენ ასეთ რამეს, რომ მოინანიოს, შეინანოს, სინანული ქრისტიანული გაგებით ეს არის მოქმედება და არ არის ნიანგის ცრემლები, ანუ მოჩვენებითი აღიარება რაღაცის იმისათვის, რომ ადამიანმა საპყრობილედან თავი დაიხსნას, რაც სამწუხაროდ, ბევრჯერ გვინახავს.
ეს არის პიროვნება, რომელიც 9 წელი საქართველოში იყო ერთპიროვნული მმართველი, რომელიც 9 წლის შემდეგ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნდა, ჩაჯდა ციხეში და ქრისტიანულად მან 40 დღე იმარხულა მშრალი მარხვით, ამის შემდეგ თქვა აღსარება და ეზიარა. იგი ეზიარა ღირსეულად, ეს არის ძალიან დიდი ღვაწლი, რომელიც ამ ადამიანმა გასწია, ეს არის მსხვერპლი, რომელიც მან გაიღო ქვეყნის თავისუფლებისათვის, გაძლიერებისათვის და იმისთვის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს და დავივიწყოთ სიძულვილის ენა. თანამედროვე რეალობაში მე ასეთი მაგალითი არ მახსენდება”, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.