9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.
მეუფის თქმით, ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა.
“9 აპრილი არის დღე, რომელიც იტევს თავის თავში დიდ მწუხარებასაც და დიდ სიხარულსაც. 36 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას შეეწირა 21 უდანაშაულო, მშვიდობიანი ადამიანი. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის. ეს იყო სამშობლოსთვის თავდადების, თავგანწირვის დიდი გამოვლინება, რომელმაც ჩვენში გააღვივა და გააძლიერა ეროვნული სული და დამოუკიდებლობის რწმენა.
ცხოვრებაში არსებობს ორი გზა – ერთნი ყველანაირად ცდილობენ, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ მიაღწიონ პირად ბედნიერებას და პირად კეთილდღეობას, ხოლო მეორენი ღვთის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის, ადამიანისადმი სიყვარულის გულისთვის ამაზე უარს ამბობენ. ეს არის ქრისტიანის გზა. მაშასადამე, არის თავის სიყვარულის გზა და თავდადებისა და თავგანწირვის გზა. 9 აპრილს დაღუპულმა ჩვენმა ძმებმა და დებმა აირჩიეს თავგანწირვის გზა. სწორედ ამიტომ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამ დღეს გლოვის დღესთან ერთად უწოდა ჩვენი ერის სულიერი ამაღლების დღეც. მან ასევე ბრძანა, რომ “9 აპრილი თავისუფლებისაკენ მსწრაფი თანამედროვე საქართველოს ათვლის წერტილად იქცა”. ამ სწრაფვის გზაზე, რა თქმა უნდა, იყო ბევრი დაცემაც, ადგომაც, ღალატიც, ერთგულებაც, ომიც, მშვიდობაც, სიხარულიც და ა.შ. ამიტომ ჩვენ სასო არ უნდა წარვიკვეთოთ, რადგან დამოუკიდებლობა გულისხმობს მუდმივ ბრძოლას, შრომას და სირთულეების დაძლევას. ამ თარიღიდან ზუსტად ორ წელიწადში ჩვენ მივაღწიეთ დამოუკიდებლობას, მაგრამ ჩვენ გვმართებს ვიზრუნოთ მისი შენარჩუნებისთვის, რადგან ყველაზე მეტად მას საფრთხეს უქმნის ის ცოდვები, რომლებიც გავრცელებულია ხალხში, რის გამოც მადლი იკარგება და უფალი უშვებს ისეთ განსაცდელებს, როგორიც არის მტრების მიერ ტერიტორიების წართმევა, მოსახლეობის განდევნა, დემოგრაფიული კლება და ასე შემდეგ”, – განაცხადა მეუფე შიომ.