დღეს, ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ ქადაგებისას განაცხადა.
“დღეს, ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან. მიძინება გახლავთ სრულიად განსაკუთრებული დღესასწაული. ჩვენ თაყვანს ვცემთ ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს უფრო მეტად, ვიდრე ანგელოზებს, მთავარანგელოზებს, ქერუბიმებს, სერაფიმებს და საერთოდ, ყველას და ყველაფერს, რაც შექმნილია ღმერთის მიერ, მაგრამ რატომ ვზეიმობთ ასე განსაკუთრებით მიძინების დღესასწაულს? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განიღმრთო, მოხდა მისი განღმრთობა. მართალია ის იყო ღვთის ქმნილება, მაგრამ მისმა პირადმა და სამყაროში ერთადერთმა უცოდველობამ იგი აღამაღლა ქმნილებაზე მეტად. უფლის მადლმა და ძალამ აღამაღლა იგი აი, ამ უცოდველობის გამო.
სწორედ ამ დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა ზეციური დედოფალი, ამ ჟამს, მისი მიძინების ჟამს და მას შემდეგ წმინდა ეკლესია მას უწოდებს ზეცისა და მიწის დედოფალს, ყოველთა დედოფალს, და დედოფალს არ შეეძლო ზეცისთვის მიეცა ამაზე უფრო წმინდა, ამაზე უფრო უბიწო და აღმატებული არსება. ამიტომაც, ძვირფასო დებო და ძმებო, სწორედ მან მიიღო თავის წიაღში ნათლის მომცემელი და ცხოვრების მომცემელი ღმერთი და სწორედაც ამიტომ ფერისცვალების ტროპარში აღნიშნულია, რომ ღვთისმშობლის მეოხებით შეიძლება აღმოუბრწყინდეს ადამიანს საღვთო, მიუაჩრდილებელი თაბორის შუქი, მარადიული ნათელი. ამიტომ, ყოველთვის უნდა ვევედროთ ჩვენ ღვთისმშობელს, რომ მისი ლოცვით ჩვენც გავხდეთ თანაზიარი აი, ამ მარადიული საღვთო ნათლისა, რომელიც ბრწყინავს მთელ სამყაროში და აი,ამ ლურჯი ზეცის ზემოთ,რომელსაც ჩვენ ვხედავთ არის კიდევ ერთი ზეცა,რომელიც სავსეა და დაფარულია ღვთისმშობლის დიდებით.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო დებო და ძმებო, ღვთისმშობლის მიძინების დიდებულ დღესასწაულს და ვეცადოთ, მთელი გულით შევიყვაროთ დედა ღვთისმშობელი და თაყვანი ვსცეთ მას”, – განაცხადა მეუფე შიომ.