როგორ ჩაიარა ამ არჩევნების პროცესმა, დიდწილად ნათელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რადგან დღევანდელ შეხვედრაზე ელჩთან, დამატებით დეტალებში შესვლა და მტკიცებულებების განხილვა საჭირო არ ყოფილა, მისთვის კარგადაა ცნობილი ყველაფერი, – ამის შესახებ კოალიცია “ჩვენი ხმის“ წარმომადგენელმა მიხეილ ბენიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ეს იყო არჩევნები, სადაც მასშტაბურად იყო დარღვევები და ეს თითოეულმა ამომრჩეველმა ნახა საკუთარი თვალით.
“სურათი გვაქვს ის, რაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი. ეს არ არის ის არჩევნები, როცა შეიძლება მხოლოდ დამკვირვებელი ორგანიზაციები ან რამდენიმე პარტიის წარმომადგენელი საუბრობდეს კონკრეტულ გამოწვევებზე. სამწუხაროდ, ეს იყო არჩევნები, სადაც მასშტაბურად იყო დარღვევები და ეს თითოეულმა ამომრჩეველმა ნახა საკუთარი თვალით. ასევე, როგორ ჩაიარა ამ არჩევნების პროცესმა, დიდწილად ნათელია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, რადგან დღევანდელ შეხვედრაზე ელჩთან, დამატებით დეტალებში შესვლა და მტკიცებულებების განხილვა საჭირო არ ყოფილა, მისთვის კარგადაა ცნობილი ყველაფერი და სამომავლო გეგმებზე იყო ძირითადად საუბარი. როგორც იცით, მომდევნო კვირაში იგეგმება ევროკავშირის მინისტრების დონეზე შეხვედრა და საქართველო იქნება დღის წესრიგის ნაწილი, რომელზეც იმსჯელებენ ევროკავშირის წარმომადგენლები და ამას ემსახურებოდა ბატონ ელჩთან შეხვედრა, რადგან ის, როგორც ევროკავშირის მთავარი დიპლომატი საქართველოში, მნიშვნელოვან ინფორმაციას აგროვებს და ამცნობს შესაბამის სტრუქტურებს ევროკავშირში და ამზადებს შეხვედრისთვის მასალებს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.