მოვუწოდებთ “ქართულ ოცნებას” ახალი მოსამართლეების დანიშვნის ნაცვლად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებისთვის პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის განხილვა დროულად დაიწყოს, – ამის შესახებ პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„ორგანიზაცია „ოცნება“ აგრძელებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და უვადოდ დანიშვნის პროცესს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმის გარეშე. რომელი რეფორმის გარეშეც, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლო სისტემაში არსებულ „გავლენის ჯგუფებს“, კიდევ უფრო ასუსტებს ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ, აზიანებს ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას და რა თქმა უნდა, ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი კანონის უზენაესობის გზაზე.
ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებამ არაერთხელ ღიად თქვა უარი სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და ამის ნათელი დასტური იყო მაგალითისთვის, 19 აპრილის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, პირდაპირ საწინააღმდეგოდ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის გაგრძელება; მართლმსაჯულების რეფორმასთან დაკავშირებული პირობის – ევროკავშირის წინაშე ნაკისრი პირობის შეუსრულებლობა, რამაც დაგვაკარგინა 75 მლნ ევროს ოდენობის დახმარება; და რა თქმა უნდა არჩევნების მეორე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი წევრის არჩევა ყველანაირი გამჭვირვალე პროცესის გარეშე.ხელისუფლების ეს ნაბიჯები ცალსახად ადასტურებს იმას, რასაც ჩვენი გუნდი ამბობს დაფუძნების დღიდან – ეს არის ის, რომ ოცნება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნებისთვის აკეთებს ყველაფერს და ამისთვის მზად არის საფრთხე შეუქმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და დააზიანოს ქვეყნის საერთაშირისო რეპუტაცია”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად პარტია “საქართველოსთვის” წევრებმა დააინიცირეს კანონპროექტი, თუმცა ოთხი თვეა საკანონმდებლო ორგანო განხილვას არ იწყებს.
“სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად და მის მიმართ ნდობის ასამაღლებლად მნიშვნელოვანი არის შესაბამისი ძირეული რეფორმების გატარება, რა თქმა უნდა პირველ რიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოში და ამის მთავარი შედეგი უნდა იყოს „გავლენის ჯგუფების“ აღმოფხვრა და საბჭოში კონცენტრირებული ძალაუფლების დაბალანსება და დეკონცენტრაცია.
სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი პარტიის – პარტია „საქართველოსთვის“ მიერ პარლამენტში რამდენიმე თვის წინ დაინიცირებული პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, რომლის ინიცირებიდან გასულია 4 თვეზე მეტი და სამწუხაროდ ჯერ კიდევ „ოცნებამ“ ვერ მოიცალა, იმისათვის, რომ ასეთ მნიშვნელოვან და შინაარსობრივ ცვლილებაზე განხილვებიც კი დაგვეწყო.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას და მოვუწოდებთ ორგანიზაცია „ოცნებას“, დროულად დაიწყოს აღნიშნული ცვლილებების განხილვა და ასევე დაიწყოს გამჭვირვალე სამუშაო პროცესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნდამენტური რეფორმირებისთვის”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.