ზელენსკი არის ადამიანი, რომლის ერთმა წინადადებამ შეიძლება სანქციები დაადოს ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ საგადასახადო შემოსავლების ყოფილმა მინისტრმა, პოლიტიკის ისტორიის მკვლევარმა მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტი არის ცივილიზაციური ბრძოლის სიმბოლო და მის სიტყვაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
“ჩემი მიგნებაა, თუ რატომ ქართული ოცნების წარმომადგენლები აკრიტიკებენ ზელენსკის – ზელენსკი არის ადამიანი, რომლის ერთმა წინადადებამ შეიძლება სანქციები დაადოს ბიძინა ივანიშვილს. წარმოიდგინეთ და ზელენსკი გამოდის და მოუწოდებს აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ამ მოქმედებას, თქვენ როგორ გგონიათ, ეს მარტივად გადაივლის?
დღეს არის სიტუაცია, როცა ზელენსკი არის სიმბოლო, ისევე როგორც ვაცლავ ჰაველი იყო სიმბოლო ხავერდოვანი რევოლუციის, რომის პაპი იოანე პავლე მეორე იყო სიმბოლო გარდაქმნის, დღეს ასე, ზელენსკი არის სიმბოლო იმ ბრძოლის, სადაც ევროპის ბედი წყდება“, – განაცხადა მაჭავარიანმა.