პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ახლად განწესებული მოსამართლის, რევაზ ნადარაიას ფიცის დადების ცერემონიას დაესწრო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ ყველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და რევაზ ნადარაიას სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
“მსურს, მივულოცო ახლად განწესებულ მოსამართლეს, ბატონ რევაზ ნადარაიას ეს მეტად მნიშვნელოვანი და უაღრესად საპასუხისმგებლო წოდება!
ქვეყნის უმთავრესი დოკუმენტის – საქართველოს კონსტიტუციის დაცვა და მით უმეტეს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელება ჩვენი ყველას ვალდებულებაა.
მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ, სწორედ საქართველოს კონსტიტუციაზე დავდე ფიცი, რომ მისი ერთგული ვიქნებოდი ქვეყნისა და ერის წინაშე.
უაღრესად მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს როლი ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და მშენებლობის საქმეში და ძალიან საპატიოა იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, რომელიც მხოლოდ კონსტიტუციის, როგორც სახელმწიფოს უზენაესი კანონის დაცვით ხელმძღვანელობს.
ვულოცავ, ბატონ რევაზს და ვუსურვებ წარმატებას მართლმსაჯულების სადარაჯოზე!”, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები.