2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილი თვალცრემლიანი წარდგა აუდიტორიის წინაშე, როცა დაინახა, რომ არჩევნებს აგებდა და გითხრათ, მომეცით ერთი წელი და ყველაფერს გამოვასწორებ, კარგი ბიჭი გავხდები ისევო, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილის ამ დაპირებიდან წლების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ გაჭირვება და გაზრდილი ფასები მიიღეს.
“გახსოვთ, რომ 2016 წლის არჩევნებზე ივანიშვილი თვალცრემლიანი წარდგა აუდიტორიის წინაშე, როცა დაინახა, რომ არჩევნებს აგებდა და გითხრათ, რომ მომეცით ერთი წელი და ყველაფერს გამოვასწორებ, კარგი ბიჭი გავხდები ისევო. რა მოხდა ამის შემდეგ? გავიდა 6 წელი და მოხდა ის, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე დიდი საბანკო სესხის პროცენტი, ყველაზე დიდი საბანკო მოგება მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, თბილისის ცხოვრების დონე არის 6000 ლარი, ამასობაში 300 000 ადამიანს აქვს 800 ლარამდე შემოსავალი, როგორ უნდა იცხოვრო იმ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად, სამჯერ და ოთხჯერ გაძვირდა ყველაფერი?!” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და დაიკითხებიან მოწმეებიც. საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი, გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი.