საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას ეხმაურება და მარცხის აღიარებად აფასებს.
მისი განმარტებით, გუშინდელი გადაწყვეტილებით, ივანიშვილმა ოქტომბრის არჩევნებზე მარცხი წინასწარ აღიარა.
“გუშინ, ივანიშვილმა, მთელი მსოფლიოს გასაგონად, აღიარა წინასწარვე მარცხი ოქტომბრის რეფერენდუმზე. ის, რაც მან გუშინ გააკეთა, არის უპრეცედენტო საქართველოს უახლეს ისტორიაში და ერთადერთი პარალელი არის ის, რაც გააკეთა იანუკოვიჩმა, როდესაც გამოვიდა ევროკავშირთან შეთანხმებიდან 2013 წელს. თუ რა მოჰყვა ამას უკრაინაში იანუკოვიჩისა და მისი ბანდისთვის, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს”, – აცხადებს სააკაშვილი.
ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება აგვისტოში ოპოზიციური მედიის დასახურვად და კოვიდშეზღუდვების შემოსაღებად ემზადება.
მისივე განმარტებით, ამჯერად “ევროკავშირის რეფერენდუმი” საერთო, სახალხო რეფერენდუმად უნდა გარდაიქმნას, რომელიც ხელისუფლების შეცვლისკენ იქნება მიმართული.
“მისი გეგმები არის გასაგები. აგვისტოში ის აპირებს დახუროს ოპოზიციური მედია, სანამ მთელი მსოფლიო და ქართველების ნაწილი წასულია შვებულებებში. შემდეგ აპირებს, რომ კოვიდის საფარქვეშ შემოიღოს შეზღუდვები, დააშინოს ხალხი და ეს კოვიდიც ხელოვნურად გავრცელდა, იმიტომ რომ შარშან, არჩევნების წინ შემოიყვანეს რუსი ტურისტები, რომლებმაც გაავრცელეს კოვიდი. ახლაც, მასობრივად შემოჰყავთ იმ ქვეყნებიდან ყალბი ცნობებით ტურისტები და ეს ნიშნავს, რომ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა ეწირება ივანიშვილის ხელისუფლების შენარჩუნებას. იგივე გეგმა აქვთ წელს სექტემბრისთვის და ოქტომბრისთვის. რამდენჯერ უნდა ჩაგვიტაროს ერთი და იგივე ხრიკი. ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც ივანიშვილმა გააუქმა ევროკავშირის რეფერენდუმი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე, ჩვენ მაინც უნდა ჩავატაროთ სახალხო რეფერენდუმი რიგგარეშე არჩევნებზე და ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლაზე. ეს მოხდება შემდეგ ადგილობრივ არჩევნებზე”, – აცხადებს სააკაშვილი.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ირწმუნება, რომ სახალხო რეფერენდუმის წინ აუცულებლად ჩამოვა საქართველოში.
“ეს არჩევნები მაინც ჩატარდება და მეც ჩემ ვალდებულებას, რომელიც ავიღე ჩემი ერისა და ისტორიის წინაშე, რომ ჩამოვიდე საქართველოში, ამჯერად უკვე სახალხო რეფერენდუმის წინ, ზედმიწევნით შევასრულებ. ივანიშვილი ვერ ეღირსება ამჯერად ქართველი ხალხის ფეხქვეშ გათელვას, მისი ხელისუფლება დამთავრებულია. ახლა უკვე საკითხი დგას ამ ყველაფრის სწორად გაფორმების. მენდეთ, ბოლომდე ვიბრძოლებთ, არასდროს არ გიღალატებთ მე და ჩემი თანამებრძოლები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, საქართველოს მეტი დასაკარგი დრო აღარ აქვს და ეს წელი გამარჯვების წელიწადია.